ახალი ამბები

პარტიების დაფინანსების საკითხზე მრგვალი მაგიდა მიმდინარეობს

12 მარტი, 2013 •
პარტიების დაფინანსების საკითხზე მრგვალი მაგიდა მიმდინარეობს

მრგვალი მაგიდა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR), ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ორგანიზებით მიმდინარეობს და მასში მონაწილეობას საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, პარლამენტის წევრები, მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იღებენ. შეხვედრაზე იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში პიტერ ლანგენბერგი. 

 

მრგვალი მაგიდის პირველი სამუშაო დღე პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხს ეთმობა. 

 

შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი აუდიტის სამსახურის უფროსმა, ლაშა თორდიამ გააკეთა. მისი თქმით, მას აქვს სურვილი უკანონო შემოწირულობის გამო პარტიების დაჯარიმების საკითხის ლიბერალიზაცია მოხდეს – შემცირდეს ჯარიმების ოდენობა და უკანონო შემოწირულობის პირველ შემთხვევაში დაჯარიმების ნაცვლად პარტიის გაფრთხილება მოხდეს.

 

მრგვალი მაგიდის მეორე დღე ხვალ, 13 მარტს გაიმართება. მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გახსნიან და მონაწილეები ისაუბრებენ პოლიტიკურ პროცესებში ქალთა მონაწილეობის თაობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი