ახალი ამბები

ლაშა გოცირიძე: საბჭომ სამარცხვინო პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო

12 მარტი, 2013 • 1025
ლაშა გოცირიძე: საბჭომ სამარცხვინო პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო

“ძალიან სამწუხაროა, რომ საბჭომ მიიღო სრულიად პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, არ გაითვალისწინა არც ერთი შინაარსობრივი არგუმენტი და თავისი გადაწყვეტილება დაასაბუთა იმ ტექნიკური უზუსტობებით, რომელსაც სინამდვილეში განათლების ხარისხთან არანაირი კავშირი არ აქვს. 

2011 წელს, როდესაც აგრარული უნივერსიტეტი იყო ერთ–ერთი ჩამორჩენილი უნივერსიტეტი საქართველოში, საბჭოს იგივე შემადგენლობამ უყარა კენჭი უნივერსიტეტის ავტორიზაციას და მიანიჭა, ხოლო ახლა, როდესაც რეალურად ბევრად უფრო წინ არის უნივერსიტეტი წასული და საქართველოში ერთ–ერთ საუკეთესო განათლებას იძლევა, ჩათვალა, რომ უნივერსიტეტს არ ეკუთვნის ავტორიზაცია”, – განაცხადა ლაშა გოცირიძემ.

აგრარული უნივერსიტეტის რექტორის თქმით, საბჭომ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას ვერ გაუძლო და ტექნიკური ხარვეზების გამოსასწორებლად უნივერსიტეტს გონივრული ვადაც კი არ მისცა:

“ამ ხარვეზების გამოსწორება შესაძლებელი იყო გონივრულ ვადაში, საუბარია დაახლოებით ორკვირიან ვადაზე. თუმცა საბჭომ არც ხარვეზის აღმოფხვრის ვადა არ მოგვცა. მიგვაჩნია, რომ საბჭოს ეს გადაყწვეტილება აბსოლუტურად უსაფუძვლო და მეტიც, სამარცხვინოა. როგორც ჩანს, საბჭომ ვერ გაუძლო ხელისუფლების ზეწოლას განათლების სამინისტროს მხრიდან.

ჩვენ ვაპირებთ ყველა სამართლებრივი გზის გამოყენებას იმისათვის, რომ დავამტკიცოთ, რომ საბჭოს გადაყვეტილება იყო რეალურ საფუძველს მოკლებული და ის უნდა გაუქმდეს. ჩვენ ვიბრძოლებთ სასამართლოს გზით”, – განაცხადა გოცირიძემ.

საგანამანათლებლო დაწესებულებებისთვის ავტორიზაციის მინიჭების საბჭომ აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების საკითხზე მსჯელობა გუშინ, 11 მარტს, დაახლოებით 20:00  საათზე დაიწყო. სხდომა  გამთენიისას დასრულდა. საბჭოს გადაწყვეტილებით აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმდა. უნივერსიტეტის სტუდენტები შეძლებენ უნივერსიტეტში სწავლა სემესტრის ბოლომდე გააგრძელონ.

საბჭოს სხდომის პარალელურად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შენობასთან აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების აქცია მიმდინარეობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი