ვიზიტის ფარგლებში ბატონი ფრეიზერი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან, უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიასთან, საქართველოს ხელისუფლების სხვა წევრებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
„მოუთმენლად ველი ჩემს ვიზიტს საქართველოში. საქართველოს საამაყო ბევრი რამ აქვს, მათ შორის მშვიდობიანად და დემოკრატიულად წარმართული ხელისუფლების გადაცემის პროცესი, რომელიც გასული წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოყვა. მე მაინტერესებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები და სწორედ ამ საკითხებზე ვაპირებ ვისაუბრო ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ექსპერტებთან და ბრიტანული ბიზნესის წარმომადგენლებთან. ბრიტანეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა ხელი შევუწყოთ პოზიტიურ კოლაბორაციას, როგორც ახლა, პოლიტიკური კოჰაბიტაციის პირობებში, ასევე შემდგომ,”- განაცხადა ფრეიზერმა თბილისში ჩამოსვლამდე.
საიმონ ფრეიზერის ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა დევიდ მორანმაც გააკეთა.
„დიდი ბრიტანეთის ყველაზე მაღალი რანგის დიპლომატის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ორი ქვეყნის შორის არსებული ურთიერთობების სიმტკიცესა და მნიშვნელობას. ბრიტანელ და ქართველ მინისტრებსა თუ თანამდებობის მქონე პირთა შორის რეგულარული კონტაქტებია და ჩვენ ამ წლის განმავლობაში კიდევ ვგეგმავთ რამოდენიმე ვიზიტს როგორც საქართველოში, ისევე ქართველი კოლეგების ვიზიტებს დიდ ბრიტანეთში. როგორც საქართველოს ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს პოზიტიურ პოლიტიკურ ტრანსფორმაციას საპრეზიდენტო არჩევნების მზადების პროცესში და ასევე აქტიურად ვმუშაობთ ბრიტანულ ქართული სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე“.