დღეს, 12 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავა.
შსს-ს განმარტებით, ოთხივე პიროვნება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ერთ-ერთ ბიზნესმენს 150 000 აშშ დოლარს სძალავდნენ და თავისი კუთვნილი 200 კვ.მ ფართის მათზე გადაფორმებას სთხოვდნენ. ამ მიზნით, ბრალდებულებმა ბიზნესმენს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ და თანხის გადახდის პირობის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
სამართალდამცველებმა ლ.ჩ. და ნ.ბ. თბილისში, ხოლო დ.ბ. და ნ.კ. მცხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
გამოძიება გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).