რუსეთის ჰუმანიტარული მისიის ხელმძღვანელის, ევგენი პრიმაკოვის განცხადებით, დაწყებულია მუშაობა იმის თაობაზე, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში საქმიანობა დაიწყონ.
“ჩვენ მუდმივად ვაფართოებთ საქმიანობის არეალს და მალე საქართველოსა და სომხეთში დავიწყებთ მუშაობას. ახლა ვმუშაობთ რამდენიმე პროექტის განვითარებაზე- ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში მხარდაჭერის საკითხზე. პროექტები ამჟამად შემუშავების პროცესშია: ჯერ ვაფასებთ საჭიროებასა და ლოჯისტიკის შესაძლებლობებს და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ პროექტების განხორციელებას”, – განუცხადა “ვესტნიკ კავკაზას” პრიმაკოვმა.
პრიმაკოვის თქმით, აზერბაიჯანსა და საქართველოში განსხვავებული მდგომარეობაა.
“ყველა ქვეყანას თავისი სპეციფიკა აქვს. აზერბაიჯანში სოციალური მდგომარეობა ისეთი არ არის, როგორც საქართველოსა და სომხეთში. აზერბაიჯანი არაა ღარიბი ქვეყანა და რთულია იქ ისაუბრო დანგრეულ სკოლებზე, რომლებიც სასწრაფოდ აღდგენას საჭიროებს”, – ამბობს პრიმაკოვი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია რუსეთის ჰუმანიტარული მისიის გეგმების შესახებ.
“ამის შესახებ გავიგე მედიაში დაწერილი კომენტარიდან და არანაირი თანამშრომლობა, არანაირი კავშირი საქართველოს მთვარობას ამ განცხადებასთან დაკავშირებითაც კი არ აქვს”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.