“ის ხედვა, როემლიც ვალერი ხაბურძანიამ გაახმაურა, განსხვავებულია “თავისუფალი საქართველოს” ხედვისგან. მან განაცხადა, რომ ის წარმოადგენს პრორუსულ პარტიას. ის აფხაზეთს და სამაჩაბლოს არ მიიჩნევს ოკუპირებულ ტერიტორიებად” – ეს განცხადება კახა კუკავამ ტელეკომპანია “მაესტროს” პრესკლუბში გააკეთა.  

 

კახა კუკავა
კახა კუკავა

კახა კუკავას განცხადებით, პარტია “თავისუფალი საქართველოს”ხედვით, პოლიტიკური ძალა უნდა იყოს ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული:  “პოლიტიკური ძალა არ უნდა იყოს პრორუსული, პროამერიკული ან პროთურქული. ხაბურძანიას შეიძლება სხვანაირად მიაჩნდეს, მაგრამ  ჩვენ სადავოდ არ ვქმნით იმ ფაქტს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არის ოკუპირებული.”

 

“თავისუფალი საქართველოს” ლიდერი ამბობს, რომ ხაბურძანიასთან ერთობლივი ბლოკის ან პარტიის შექმნა არ იგეგმება: “ასეთი შეთანხმება არ არსებობს. ჩვენი პარტია აგრძელებს მოღვაწეობას თავისუფლად. დამოუკიდებლად  მივიღებთ მონაწილეობას შუალედურ, თვითმმართველობის და  2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში.”   

 

ამავდროულად, კახა კუკავა ვალერი ხაბურძანიასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს: “რაიმე ტიპის თანამშრომლობა გამორიცხული არ არის. ბატონ ვალერის არაერთხელ შევხვედრივარ და სამომავლოდაც პრობლემას ამაში ვერ ვხედავ. ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც არსებობს დღეს ქვეყანაში “ნაციონალური მოძრაობის” გარდა. მიმაჩნია, რომ ხაბურძანიას რესურსი თუ სახელმწიფოს მიერ გამოყენებული იქნება  ქართულ– რუსულ ურთიერთობებში, ეს კარგია. ეს განცხადება არ უნდა იყოს გაგებული ისე, რომ თითქოს ხაბურძანიასთან ბლოკის, კოალიციის ან პარტიული გაერთანების შექმნა იგეგმება.”

 

უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ “პრაიმ თაიმის” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრორუსული ორიენტაციის პარტიის შექმნას აპირებს და კახა კუკავას “თავისუფალ საქართველოსთან” თანამშრომლობას გეგმავს.  

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *