ახალი ამბები

დიდი ბრიტანეთის მაღალი რანგის დიპლომატი საქართველოში ჩამოდის

11 მარტი, 2013 • 1084
დიდი ბრიტანეთის მაღალი რანგის დიპლომატი საქართველოში ჩამოდის

12-13 მარტს საქართველოს დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური სამსახურის ხელმღვანელი და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მთავარი მრჩეველი საიმონ ფრეიზერი ეწვევა.


ვიზიტის ფარგლებში საიმონ ფრეიზერი შეხვედრებს გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან, უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიასთან, საქართველოს ხელისუფლების სხვა წევრებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

თბილისში ჩამოსვლამდე  დიდი ბრიტანეთის საელჩო  ფრეიზერის კომენტარს ავრცელებს: „მოუთმენლად ველი ჩემს ვიზიტს საქართველოში. საქართველოს საამაყო ბევრი რამ აქვს, მათ შორის მშვიდობიანად და დემოკრატიულად წარმართული ხელისუფლების გადაცემის პროცესი, რომელიც გასული წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოყვა. მე მაინტერესებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები და სწორედ ამ საკითხებზე ვაპირებ ვისაუბრო ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ექსპერტებთან და ბრიტანული ბიზნესის წარმომადგენლებთან. ბრიტანეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა ხელი შევუწყოთ პოზიტიურ კოლაბორაციას, როგორც ახლა, პოლიტიკური კოჰაბიტაციის პირობებში, ასევე შემდგომ“.

 

საიმონ ფრეიზერის ვიზიტთან დაკავშირებით   საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა დევიდ მორანმა განაცხადა:   „დიდი ბრიტანეთის ყველაზე მაღალი რანგის დიპლომატის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ორი ქვეყნის შორის არსებული ურთიერთობების სიმტკიცესა და მნიშვნელობას. ბრიტანელ და ქართველ მინისტრებსა თუ თანამდებობის მქონე პირთა შორის რეგულარული კონტაქტებია და ჩვენ ამ წლის განმავლობაში კიდევ ვგეგმავთ რამოდენიმე ვიზიტს როგორც საქართველოში, ისევე ქართველი კოლეგების ვიზიტებს დიდ ბრიტანეთში.  როგორც საქართველოს ერთ -ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს პოზიტიურ პოლიტიკურ ტრანსფორმაციას საპრეზიდენტო არჩევნების მზადების პროცესში და ასევე აქტიურად ვმუშაობთ ბრიტანულ- ქართული სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე“.    

მასალების გადაბეჭდვის წესი