ახალი ამბები

სასწრაფოს ექიმები შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ[VIDEO]

11 მარტი, 2013 • 1942
სასწრაფოს ექიმები შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ[VIDEO]

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ამ საკითხის დარეგულირების რამდენიმე ვარიანტი განიხილეს:

 

“გადაწყდა, რომ დღეს, საღამოს 21:00 საათზე კიდევ ერთი შეკრება გაიმართება, რომელსაც წარმოდგენილ მხარეებთან ერთად უკვე გაფიცული ექიმებიც დაესწერებიან”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

“ექიმების უფლებების დაცვისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ყოველგვარი საინიციატივო ჯგუფის გარეშე, ასე რომ, ამ ფორმით საუბარი ნამდვილად მიუღებელია და ალბათ მათ მოუწევთ თავიანთ უფლებებზე სასამართლოს ძალით დავა”, – განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ.

სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ეზოში კი ექიმების აქცია ამ დრომდე მიმდინარეობს, ისინი სამედიცინო ცენტრის მენეჯმენტის შეცვლას და სასწრაფოს მანქანის ბრიგადების დამატებას მოითხოვენ.

სამედიცინო ცენტრის ეზოში ამ მოთხოვნებით, ასევე სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენის მოთხოვნით ხუთი ადამიანი შიმშილობს.

ექიმების განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო სამსახურში უამრავი პრობლემაა შექმნილი და იმის გამო, რომ ზოგიერთმა მათგანმა ამ პრობლემებზე საუბარი დაიწყო, ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს:

“დექსამეტაზონი არის ის მედიკამენტი, რომელიც აუცილებელია, რომ სასწრაფოს ექიმს ედოს ყუთში. ეს მედიკამენტი გაგვითავდა, მე დავურეკე ქალბატონ ირმა ნერგაძეს აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, მეორე დღეს კახა ჩიხრაძემ მოგვიტანა ეს ამპულები ცელოფნით. მოგვიტანეს წამალი, რომელსაც ერთი თვის ვადა აქვს, ეს არის ერთ–ერთი უკანონობა, როცა წამალს ექვსი თვე რჩება ვადა, ფირმები მის ჩამოწერას ახდენენ, რატომ უნდა გვედოს ასეთი წამლები ყუთში? ეს ერთ–ერთი მიზეზია, რაზეც ხმა ამოვიღეთ, სამი დღის შემდეგ სამსახურიდან გამათავისუფლეს”, – აცხადებს ერთ–ერთი მოშიმშილე ციცი კაშია. მისი თქმით, სამედიცინო ცენტრის მოშიმშილეებთან დასალაპარაკებლად არ ჩასულა და თუკი კონტაქტზე არც უახლოეს დღეებში გავლენ, აქციის მონაწილეები მშრალ შიმშილობაზე გადავლენ. 

 

აქციის მონაწილეების თქმით, სასწრაფოს ექიმებს ძალიან მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა:

 

“ვმუშაობთ გაუსაძლის პირობებში, შედეგს მოგვცემს ერთადერთი ის, რომ 10–15 ბრიგადა დაემატოს სამსახურს, 24 საათის განმავლობაში 26 მისამართზე გავდივართ, მეთხუთმეტე მისამართის შემდეგ შესრულებული სამუშაო ისეთი ხარისხიანი ვეღარ იქნება, როგორც პირველი, ეს უბრალოდ გაუსაძლისია. გუშინ, ღამის 3 საათზე 107 მისამართი ჰაერზე იყო ჩამოკიდებული და მოსახლეობა 3 საათი ელოდებოდა. ამბობენ, რესურსი არ არისო, უნდა გამოძებნონ რესურსი, 35 ახალი თანამშრომელი ექიმების კონტროლის უსახურ სამსახურში მიიღეს და ჯობია ეს რესურსი სადაც საჭიროა, იქ გამოიყენონ”, – აცხადებს აქციის მონაწილე ფატი ფიფია.

 

სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ირმა ნერგაძე აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს არ ეთანხმება:

 

“იმისათვის, რომ ბრიგადები დაემატოს, ავტოპარკის განახლებაა საჭირო, ტენდერი უკვე გამოცხადებულია. აქციის მონაწილეებს აქვთ არაარგუმენტირებული, არასამართლიანი მოთხოვნები აქვთ. ჩვენ ძალიან ბევრი პოზიტიური ცვლილება განვახორციელეთ, მათ არ სურთ ამ პოზიტიური ცვლილებების გათავისება. ყველაფერს თავისი დრო აქვს, როდესაც ავტოპარკი განახლდება, გვეყოლება ახალი მანქანები, აღარ მოხდება მისამართების დუბლირება, რაც გააადვილებს მუშაობას”, – განაცხადა ირმა ნერგაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი