“შეხვედრა გვინდა მოვაწყოთ თვითონ აგრარულ უნივერსიტეტში, რადგან სწავლის ხარისხთან დაკავშირბით, ახალგაზრდა ლექტორებთან დაკავშირებით, რამე პრეტენზია რომ არ გაუჩნდეს, გვინდა, რომ ლექციებს დავასწროთ”– აღნიშნავს ლაშა ჭყოიძე, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი.
აგრარული უნივერსიტეტის რექტორის ლაშა გოცირიძის განცხადებით, 3 იანვარს რეალური საფუძვლების გარეშე მოულოდნელად შევიდა უნივერსიტეტში მონიტორინგის ჯგუფი:
“ჯგუფმა დაიწყო უნივერსიტეტის საქმიანობის კომპლექსური რევიზია და უნივერსიტეტის შემოწმება განათლების სტანდარტებთან მიმართებაში, სინამდვილეში საყოველთაოდ ცნობილია, რომ დღესდღეობით აგრარული უნივერსიტეტი ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს”– აცხადებს ის.
სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” გავრცელდა მინისტრისადმი სტუდენტების მიმართვა:
“განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შუალედური დასკვნის საფუძველზე, ეჭვქვეშ დადგა უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხი. ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებმა საკუთარი მოსაზრება მონიტორინგის ჯგუფის მიერ განხორციელებული შემოწმების არასამართლიანად ჩატარების შესახებ მედიის საშუალებით გაავრცელეს. ამ განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა კომენტარი. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები ეხმიანებიან მინისტრის განცხადებაში გაჟღერებულ ორ მნიშვნელოვან საკითხს.
პირველი საკითხი: საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თქვენ ბრძანეთ, რომ ვალდებული იყავით ყოფილი თანამშრომლების მიმართვის საფუძველზე შესულიყავით უნივერსიტეტში და ჩაგეტარებინათ რევიზია. თუ ასეთი ვალდებულება არსებობს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოუხდება ყველა უნივერსიტეტის შემოწმება, რადგან ყველა უნივერსიტეტს შესაძლოა ჰყავდეს მომჩივანი და ამ ყველაფერმა შეიძლება სასწავლო პროცესის სრული პარალიზება გამოიწვიოს.
ჩვენ გადავამოწმეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N 89/ნ, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნასა და მისი დებულების დამტკიცებას შეეხება. იქ არაფერია ნათქვამი ამგვარ ვალდებულებაზე.
მუხლი 112. მონიტორინგის სამსახურის ფუნქციები
მონიტორინგის სამსახური:
ვ) განიხილავს მოქალაქეებისა და დაწესებულებების განცხადებებს/საჩივრებს ავტორიზაცია/აკრედიტაციის სტანდარტების დარღვევებთან დაკავშირებით.
ზ) უფლებამოსილია განახორციელოს საავტორიზაციო და სააკრედიტაციო ვიზიტის მონიტორინგი;
უფლებამოსილება არ ნიშნავს ვალდებულებას, ასე რომ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებული არ იყო შემოწმება დაეწყო საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლის, როგორიცაა ახალი აგრარული უნივერსიტეტი, ყოფილი თანამშრომლების განცხადების საფუძველზე. ახალ აგრარულ უნივერსიტეტში შესვლა არშესვლის საკითხი თქვენ გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული. მიგვაჩნია, რომ სრულებით შესაძლებელი იყო შემოწმების ნაცვლად განხორციელებულიყო მარტივი კომუნიკაცია სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის და სათანადო ახსნა-განმარტებების საფუძველზე ყოფილიყო გადაწყვეტილება მიღებული.
მეორე საკითხი: თქვენ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაკეთებულ ინტერვიუში ასევე თქვით, რომ მზად ხართ ჩვენთან შესახვედრად, თუკი ჩვენი ერთადერთი კითხვა არ არის, თუ რატომ მოავლინეთ რევიზია ახალ აგრარულ უნივერსიტეტში.
არა, ჩვენ ბევრი შეკითხვა გვაქვს და ამიტომ გვსურს თქვენთან შეხვედრა ორშაბათს, თქვენთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს. ოღონდ რადგან საუბარია ახალი აგრარული უნივერსიტეტის სწავლის ხარისხზე და სწავლის პირობებზე, გვსურს, ეს შეხვედრა ჩატარდეს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, რომ დაგათვალიერებინოთ ჩვენი უნივერსიტეტი და გაჩვენოთ ყველაფერი, რაც გაკეთდა 2011 წლის შემდეგ, ასევე, დაგისვათ ამ პროცესთან დაკავშირებით ჩვენთვის საინტერესო ყველა კითხვა. რამდენადაც ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესოა, თქვენ ჯერ-ჯერობით არ მოსულხართ მის დასათვალიერებლად, ასე რომ, ეს ჩვენთვისაც და თქვენთვისაც საინტერესო შეხვედრა იქნება. – ნათქვამია ტექსტში.
გარდა ამისა, სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” აგრარული უნივერსიტეტის გვერდზე, გათავსებულია ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ხვალ, 11 მარტს აგრარული უნივერსიტეტის დასაცავად აქცია გაიმართება.
“საქართველოს განათლების ხარისხის ცენტრმა რევიზიის საფუძველზე აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხი უსამართლოდ დააყენა ეჭვქვეშ. სტუდენტები მოითხოვენ სამართლიან დასკვნას და მოუწოდებენ ყველა სტუდენტს, 2013 წლის 11 მარტს შეიკრიბონ განათლების ხარისხის ცენტრთან და დაიცვან ყველა სტუდენტის უფლება”– აღნიშნულიი ინფორმაციაში.