რუსულმა კომპანია ინტერრაომ საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცედურები დაიწყო სტოკჰოლმში. ინფორმაციას ამის შესახებ როიტერი ავრცელებს.
“ჩვენ მივიღეთ შეტყობინება საარბიტრაჟო სასამართლოდან და მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი პოზიცია”, – განუცხადა როიტერს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა.
პროცედურის დაწყებას ადასტურებს ინტერრაოც. კომპანია ორი მოითხოვნით ჩივის: ტარიფის ზრდა და კომპენსაცია.
ინტერრაოს სურს ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა და კომპენსაცია ვალუტის დევალვაციის გამო, ამბობს ვალიშვილი. ინტერრაო კომპენსაციის ოდენობას არ ახმოვანებს, თუმცა როიტერი თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საუბარია $125 მილიონზე, 1 მაისის მდგომარეობით.
ინტერრაო თელასის წილის 75.11%-ის მფლობელია. თელასი, როგორც ცნობილია, დენით თბილისს ამარაგებს. გარდა ამისა, ინტერრაოს საკუთრებაშია ორი ჰიდროელექტროსადგური- ხრამი 1 და ხრამი 2.
ვალიშვილის თქმით, ხელისუფლებამ კომპანიას შესთავაზა სემეკში საქმის განხილვის ვარიანტი მის საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგურებიდან მიღებული ელექტროენერგიის ტარიფების თაობაზე..
“ამ ტარიფების კორექტირება შესაძლებელია, თუ კომისია შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს”, – ამბობს ვალაიშილი.
რაც შეეხება კომპენსაციის საკიხთს, ვალიშვილი აცხადებს:
“ინტერრაოს არ განუხორციელებია თელასში ინვესტირება და იმაზე უფრო მეტი დივიდენდი მიიღო, ვიდრე მოსალოდნელი იყო. რატომ უნდა გადავიხადოთ კომპენსაცია”, – ამბობს ვალიშვილი.