ახალი ამბები

დავით დარჩიაშვილი ვენეციის კომისიის დასკვნის შესახებ

9 მარტი, 2013 •
დავით დარჩიაშვილი ვენეციის კომისიის დასკვნის შესახებ

„გამომდინარე ვენეციის კომისიის სტატუსიდან და გამოცდილებიდან,  ის არ იყოს პოზიტიური და ადეკვატური, ასეთი რამე მე არ მახსოვს პირადად. როდესაც უშუალოდ კანონპროექტზეა საუბარი, იქ გამოთქმულია მოსაზრებები  ცალკეულ მუხლებზე, როგორ ჯობია, რა ჯობია. ზოგადად ნათქვამია, რომ კანონპროექტის არსი კარგია, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ კონტექსტს. ვენეციის კომისიას, რომელსაც ქართული პოლიტიკა ნაკლებად უნდა ეხებოდეს, უფრო ესმის პოლიტიკური კონტექსტის, ვიდრე  ჩვენ უმრავლესობას, ვითომ. თორემ რეალურად, რა თქმა უნდა, ესმით და ამ კანონის საშუალებით უნდათ, რომ შეცვალონ მმართველი სტრუქტურები სასამართლოში, რითაც დააკნინონ სასამართლოს ავტონოიმია და გამოიწვიონ ვითარება, როდესაც პოლიტიკური ცვლილება იწვევს სასამართლოში ცვლილებას, რაც არანორმალური და მთავარია. ვენეციის კომისიამ სწორედ ამაზე მიუთითა”.– განაცხადა დავით დარჩიაშვილმა. 

 

შეგახსენებთ, რომ  გუშინ, 8 მარტს, ვენეციის კომისის 94-ე პლენარულ სესიაზე  დაიწყო საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ კანონის პროექტზე კომიისიის დასკვნის განხილვა. სესიას ვენეციაში საქართველოდან საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის, იუსტიციის სამინისტროსა და უზენაესი სასამართლოს წარმომდგენლები  ესწრებოდნენ.

 

კანონპროექტი, რომელზეც ვენეციის კომისია დასკვნას განხილვის შემდეგ გამოაქვეყნებს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცა. საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის პროექტი პარლამენტს  იუსტიციის სამინისიტრომ წარუდგინა.

 

პროექტის მიხედვით,  იცვლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი. საქართველოს პრეზიდენტს აღარ ექნება უფლება დანიშნოს საბჭოს 2 წევრი. აღნიშნული ორი წევრის არჩევის უფლება გადაეცემა საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტის წევრებს აღარ ექნებათ უფლება იყვნენ საბჭოს წევრები, ხოლო მათ მიერ არჩეული კანდიდატებისათვის კი გათვალისწინებულია დამატებითი მოთხოვნები.

 

გარდა ამისა, უქმდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ექსკლუზიური უფლებამოსილება, წარადგინოს საბჭოს მოსამართლე წევრების კანდიდატურები და ეს უფლება ენიჭება მოსამართლეთა კონფერენციის ნებისმიერ მონაწილეს. ამასთან, კანონპროექტი გამორიცხავს საბჭოს წევრის არჩევას მეორე ვადით.

 

ამჟამინდელი საბჭოს მოსამართლე წევრთა დიდი ნაწილი კი ხელმეორედ არის არჩეული საბჭოში.

 

პროექტის მიხედვით, საბჭოს მოსამართლე წევრები, ამავე დროს, დაუშვებელია იყვნენ საერთო სასამართლოებში  ხელმძღვანელ თანამდებობებზე (სასამართლოს, კოლეგიის და ა.შ. თავმჯდომარეები). მოქმედი მოსამართლე წევრების აბსოლუტური უმრავლესობა ამჟამად ახორციელებს  სასამართლოს სახელმძღვანელო უფლებამოსილებებს.

 

საპარლამენტო ოპოზიცია და უზენაესი სასამართლო მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული აღნიშნული კანონპროექტი მნიშვნელოვნად ზღუდავს სასამართლო დამოუკიდებლობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი