ახალი ამბები

შეფასებები ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე

8 მარტი, 2013 •
შეფასებები ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე

 ვენეციის კომისიას 8 მარტის პლენარულ სესიაზე  გამართული დისკუსიის შემდეგ  საბოლოო დასკვნა საქართველოდან გაგზავნილ კანონის პროექტზე ჯერ ვებგვერდზე არ გამოუქვეყნებია, თუმცა დეპუტატებმა საქართველოდან, რომლებიც ვენეციაშიაში დასკვნის განხილვას ესწრებოდნენ, უკვე გამოთქვეს მოსაზრებები.

 

საპარლამენტო უცმირესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა “ფეისბუქში”, საკუთარ გვერდზე უკვე მიულოცა გამარჯვება თავის მომხრეებს.

 

“იუსტიციის მინისტრს პირობა დაუდია, უკან გავითხოვ სასამართლოების შესახებ კანონს და გადავამუშავებთო. ვენეციის კომისიის დასკვნა სასამართლოებზე და კონკრეტულად იმაზე, რომ კანონიდან უნდა წაიშალოს ის გარდამავალი ნორმა, რომელიც ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დათხოვნას და ახალი წევრების არჩევას, ნიშნავს იმასაც, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების დათხოვნა და ახლი შემადგენლობის არჩევა ახალი უმრავლესობის მიერ არ შეესაბამება კანონის უზენაესობის პრინციპს. ესეც არ უნდა გავაყვანინოთ!!!! “– წერს ჩიორა თაქთაქიშვილი.

 

ვენეციის კომისიის გადაწყვეტილებიდან ამონარიდი გაავრცლა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურმაც, რომელშიც წერია: “კომისია განმარტავს, რომ მოსამართლეთა საბჭოების მთავარი ფუნქციაა მოსამართლეების დაცვა პოლიტიკური გავლენისგან. ამ მიზნიდან გამომდინარე, გაუმართლებელი იქნებოდა საპარლამენტო არჩევნების შედეგად იუსტიციის საბჭოს სრული შემადგენლობის განახლება. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ პარლამენტმა, რომელიც საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვრავს სასამართლო ხელისუფლების სამომავლო ორგანიზაციის და ფუნქციონირების საკითხებს, თავი უნდა შეიკავოს ისეთი ზომების მიღებისგან, რაც საფრთხეს შეუქმნის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის განგრძობადობის პრინციპს. საბჭოს ყველა წევრის ვადამდე გათავისუფლება შექმნის პრეცედენტს, რომლის მიხედვითაც ყოველი შემდგომი ხელისუფლება თუ ყოველი ახალარჩეული პარლამენტი, რომლისთვისაც არ იქნება მისაღები საბჭოს წევრები ან მისი შემადგენლობა, ვადამდე შეუწყვეტს მას უფლებამოსილებას და მას ახალი საბჭოთი ჩაანაცვლებს. ბევრ სიტუაციაში, განსაკუთრებით ასე მოკლე ვადაში, ასეთი ცვლილებების შემოტანა გააჩენს ეჭვს, რომ ინიციატივის უკან იდგა საბჭოს მიერ განსახილველ საკითხებზე ზეგავლენის მოხდენის განზრახვა”.

 

“ნაციონალური მოძრაობის” მიერ გაკეთებული განცხადებების პარალელურად, ვენეციის კომისიის დასკვნაზე განცხადება გაავრცელა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა, რომელიც ესწრებოდა ვენეციის კომისიის სხდომას.

 

“ვენეციის კომისიის მიერ მიღებული დასკვნა და რეკომენდაციები სრულ თანხვედრაშია ჩვენს შეხედულებებთან და კანონპროექტის დებულებებთან, რომელიც სასამართლო ხელისუფლების რეფორმას ითვალისწინებს.

 

უმნიშვნელოვანესია, რომ  მაღალი ტრიბუნიდან ცალსახად ითქვა, რომ სისტემა, რომელიც საქართველოში არსებობდა, დემოკრატიასთან არ არის თავსებადი და წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნაში პოზიტიურად და პროგრესულად არის შეფასებული ყველა ცვლილება, რომელიც ხელისუფლების მიერ არის შეთავაზებული. კომისია იზიარებს არა მხოლოდ ცვლილებებს, არამედ მათ გამომწვევ მიზეზებსა და დღეს მათი მიღების აუცილებლობას.

 

“შეუძლებელია განსხვავებული დასკვნა ყოფილიყო, ვინაიდან იმის ნაცვლად, რომ სასამართლოს თავმჯდომარემ წარადგინოს საბჭოს წევრები, რომელთაც კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ არა კონფერენცია, არამედ აღამსრულებელი კომიტეტი ირჩევს, ჩევნ ვთავაზობთ მოსამართლეთა კონფერენციაზე შეუზღუდავი კენჭისყრის უფლებას, როდესაც არჩევნები ფარულად ტარდება და ყველას აქვს შესაძლებლობა არჩეულ იქნას.

 

ასევე პროგრესისა და დემოკრატიისკენ გადადგმულ ნაბიჯად არის შეფასებული ჩვენ მიერ შეთავაზებული სხვა დებულებებიც.

 

ამასთანავე, წინააღმდეგობრივ დებულებაზე, რომელიც საბჭოს წევრების მანდატის შეწყვეტას ეხება, ვენეციის კომისია დაეთანხმა ჩვენს გარდამავალ დებულებებს, რომელიც ითვალისწინებს ახალი დემოკრატიული მოდელის დღევანდელობასთან დაახლოებას და, შესაბამისად, არჩევნების ახალი წესის გამოყენებას იმ პირებთან მიმარებაში, ვინც დანიშნული არიან ადმინისტრაციული საბჭოს მიერ.

 

დასკვნა ლოგიკური და ნათელია, რეკომენდაციები მისაღები და ადეკვატური როგორც სამართლიანობისა და კანონერების, ასევე არსებული რეალობის გათვალისწინებით”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა ვენეცის კომისიასთან მუშაობის დასრულების შემდეგ.

 

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის პროექტს, რომლის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, იწონებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

 

მისი მოსაზრებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების მოქმედი წესი არ შეესაბამება იმ ძირითად მოთხოვნებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საბჭოს შემადგენლობა, მისი ფუნქციებიდან გამომდინარე. დღეს მოქმედი იუსტიციის საბჭო შედგება 15 წევრისაგან, რომელთაგან 2 წევრი ინიშნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ, 4 წევრი წარმოადგენს საქართველოს პარლამენტს, რომლებიც, ამავე დროს, არიან პარლამენტის მოქმედი წევრები.

მასალების გადაბეჭდვის წესი