ახალი ამბები

პოლიციელის როლის შემსრულებელი: არ ვიცოდი “ბირჟა მაფიის” კლიპის შინაარსი

10 ივნისი, 2017 •
პოლიციელის როლის შემსრულებელი: არ ვიცოდი “ბირჟა მაფიის” კლიპის შინაარსი

რეპერების პროექტ “ბირჯა მაფიის” ბოლო კლიპის “TSL შავი ზედა” მონაწილე, კონკრეტულად კი პოლიციელის როლის შემსრულებელი ვიდეომიმართვას ავრცელებს. რეპერები პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდბეით დააკავა, თუმცა თავად ისინი მათ დაკავებას სწორედ ამ კლიპს უკავშირებენ, რომელშიც პოლიციელია გაშარჟებული. კლიპის მონაწილე და ვიდეომიმართვის ავტორი ამბობს, რომ იგი კლიპის შინაარსის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა. ასევე კლიპს “ნარკოტიკების და იარაღის პროპაგანდად და პოლიციის დაკნინებად მიიჩნევს:

ვიდეო მომხმარებელმა “ჟორა კეისარმა” ატვირთა youtube-ზე:

“კომენტარის გაკეთება მინდა “ბირჟა მაფიის” კლიპზე და იქ ჩემს მონაწილეობაზე. ვუპასუხებ მთავარ შეკითხვასაც, რატომ არის დაბლარული ჩემი კადრები კლიპში. დამირეკა მეგობარმა, მითხრა, “ბირჟა მაფიის” კლიპს ვიღებთო, რაღაც ღადაობას ჩვენთვისო და მთხოვა, მონაწილეობა მიმეღო. უნდა მეთამაშა პოლიციელის როლი. კარგი და ცუდი პოლიციელი… “ბირჟა მაფიაზე” მქონდა ზოგადი ინფორმაცია, რომ არის პაროდიული ბენდი თუ ჯგუფი და აშარჟებენ ძველბიჭა ტიპებს, რაც რეალურად გამოდგა პირიქით. იქიდან გამომდინარე, რომ იუმორი ჩემგან არც ისე შორსაა, დავთანხმდი ამ ვიდეოს გადაღებას და დავთანხმდი რიგი ფაქტორების გაუთვალისწინებლად, რაც ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა გამოდგა, მგონი.

პირველ რიგში, არ ვიცოდი კლიპის შინაარსი და გავიგე მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ საღადაოდ გადაღებული ვიდეო იყო და youtube-ზე დაიდო. რომ ვნახე, აშკარა პროპაგანდაა ნარკოტიკული საშუალებების, იარაღის, პოლიციის დაკნინება. უბრალოდ არ მინდოდა, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ყოფილიყავი. ამიტომ ვთხოვე, რომ ეს კლიპი აეღოთ და ამოეჭრათ იქიდან ჩემი მომენტები. რაზეც უარი მივიღე. საბოლოოდ ამ კადრებს უბრალოდ ბლარი დაადეს.

იმის თქმა მინდა, რომ დაუფიქრებელი, გაუთვალისწინებელი ნაბიჯი გადავდგი, გაურკვევლობაში გავეხვიე. ვწუხვარ ამის გამო. ფაქტია, სანამ მეგობარს დახმარებას დავპირდები, რელურად უნდა გავიგო, რას ემსახურება ესა თუ ის საქმე და შემდეგ უნდა დავეხმარო სხვას”,- ამბობს პოლიციელის როლის შემსრულებელი მისსავე გავრცელებულ ვიდეოში.

2017 წლის 9 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ ნარკოტიკების ფლობის ბრალდებით დააკავა მუსიკალური ჯგუფის, „ბირჟა მაფიის“ რეპერები.  გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინვე აღმკვეთი ღონისძიების სახით ორივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა.

ოჯახის წევრებმა აღნიშნულ ფაქტი თავიდანვე დაუკავშირეს რეპერების მიერ ცოტა ხნის წინ გადაღებულ და ინტერნეტით გავრცელებულ მუსიკალურ კლიპს, სადაც პოლიციელის ფორმაში ჩაცმული პერსონაჟი ჩანს; ერთ მონაკვეთში კი მას ძაღლის საყელური უკეთია და პირში ძვალი აქვს.

დაკავებული რეპერის, მიხეილ მგალობლიშვილის ცოლი ერიკა კოუპლენდი ამბობს, რომ  მგალობლიშვილს ვიდეოს გადაღებაში“აჭარანეთი” დაეხმარა, თუმცა შემდეგ თავადვე მოსთხოვეს მისი წაშლა, რადგა “ვიღაცას პრობლემები შეექმნებოდა”.

“მათ ვიდეოს პირველი ვერსია კვირას (4 ივნისს) ატვირთეს, საღამოს 9 საათზე. შემდეგ “აჭარანეთიდან” დაურეკეს მიშკას და უთხრეს, რომ ვიღაცას პრობლემები შეექმნებოდა და მიშკამ წაშალა ვიდეო. “აჭარანეთმა” დააფინანსა ვიდეოს გადაღება. ძირითადად, მიშკა თვითონ იღებს თავის ვიდეოებს, ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებს. ამ შემთხვევაში ყველაფერი “აჭარანეთის” გაკეთებული იყო. დარწმუნებული ვარ,”აჭარანეთმა” იცოდა, რომ ამის გამო შეიძლებოდა მას პრობლემები შექმნოდა და არ გააფრთხილეს,” – აცხადებს კოუპლენდი.

პოლიციელის როლის შემსრულებლის ვიდეომიმართვის შემდეგ “ნეტგაზეთი” კვლავ დაუკავშირდა ერიკა კოუპლენდს. იგი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მიშკა მგალობლიშვილს “აჭარანეტი” დაუკავშირდა და ვიდეოს წაშლა მოსთხოვა, მიშკა თავად დაუკავშირდა პოლიციელის როლის შემსრულებელს და შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, ეს კადრები დაებლარა, რადგან ვინმეს პრობლემა არ შექმნოდა. ერიკა ასევე ამბობს, რომ შეუძლებელია მსახიობს არ იცოდა, რას აკეთებდა.

“შემიძლია გითხრათ, რომ ვერ იტყვის იმას, რომ არ იცოდა, რას აკეთებდა. ამ კლიპს 2 თვის მანძილზე იღებდნენ. ის, რომ არ იცოდა რაში მონაწილეობდა, ტყუილია”,- ამბობს ერიკა.

“აჭარანეტი” აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი