ახალი ამბები

ვენეციის კომისია საქართველოს საერთო სასამართლოების კანონის პროექტს იხილავს

8 მარტი, 2013 •
ვენეციის კომისია საქართველოს საერთო სასამართლოების კანონის პროექტს იხილავს

ვენეციის კომისია
ვენეციის კომისია

სესიას ვენეციაში საქართველოდან საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის, იუსტიციის სამინისტროსა და უზენაესი სასამართლოს წარმომდგენლები  ესწრებიან. 

კანონპროექტი, რომელზეც ვენეციის კომისია დასკვნას განხილვის შემდეგ გამოაქვეყნებს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცა.

 

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის პროექტი პარლამენტს  იუსტიციის სამინისიტრომ წარუდგინა.

 

პროექტის მიხედვით,  იცვლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი. საქართველოს პრეზიდენტს აღარ ექნება უფლება დანიშნოს საბჭოს 2 წევრი. აღნიშნული ორი წევრის არჩევის უფლება გადაეცემა საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტის წევრებს აღარ ექნებათ უფლება იყვნენ საბჭოს წევრები, ხოლო მათ მიერ არჩეული კანდიდატებისათვის კი გათვალისწინებულია დამატებითი მოთხოვნები.

 

გარდა ამისა, უქმდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ექსკლუზიური უფლებამოსილება, წარადგინოს საბჭოს მოსამართლე წევრების კანდიდატურები და ეს უფლება ენიჭება მოსამართლეთა კონფერენციის ნებისმიერ მონაწილეს. ამასთან, კანონპროექტი გამორიცხავს საბჭოს წევრის არჩევას მეორე ვადით.

ამჟამინდელი საბჭოს მოსამართლე წევრთა დიდი ნაწილი კი ხელმეორედ არის არჩეული საბჭოში.

 

პროექტის მიხედვით, საბჭოს მოსამართლე წევრები, ამავე დროს, დაუშვებელია იყვნენ საერთო სასამართლოებში  ხელმძღვანელ თანამდებობებზე (სასამართლოს, კოლეგიის და ა.შ. თავმჯდომარეები). მოქმედი მოსამართლე წევრების აბსოლუტური უმრავლესობა ამჟამად ახორციელებს  სასამართლოს სახელმძღვანელო უფლებამოსილებებს.

 

საპარლამენტო ოპოზიცია და უზენაესი სასამართლო მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული აღნიშნული კანონპროექტი მნიშვნელოვნად ზღუდავს სასამართლო დამოუკიდებლობას.

 

ვენეციის  კომისიის საბოლოო დასკვნა ამ კანონის პროექტზე დღეს, დისკუსიის შემდეგ  გამოქვეყნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი