ახალი ამბები

8 მარტი – ბრძოლა ქალთა უფლებებისთვის გრძელდება

8 მარტი, 2013 •
8 მარტი – ბრძოლა ქალთა უფლებებისთვის გრძელდება

ქალთა ერთ–ერთი პირველი საპროტესტო აცია საკუთარი უფლებების დაცვის მოთხოვნით
ქალთა ერთ–ერთი პირველი საპროტესტო აცია საკუთარი უფლებების დაცვის მოთხოვნით

დღეს, 18 საათზე, გალერეა „არტ ავენიუში“, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქალთა ფონდის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართება ღონისძიება „უთქმელი ისტორიები“. 

ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ახალი დოკუმენტური ფილმის – „უთქმელი ისტორიები“ პრემიერა. ფილმი ქალთა ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა და მოგვითხრობს მე–19 საუკუნის სამი ქართველი ფემინისტის, ბარბარე ჯორჯაძის, ეკატერინე გაბაშვილისა და კატო მიქელაძის, ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. დოკუმენტური ფილმის მიზანია საზოგადოებისთვის ქართველი ქალების უცნობი ფემინისტური მემკვიდრეობის ჩვენება. ფილმის ავტორია ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი (რეჟისორი: სალომე საღარაძე, სცენარის ავტორი: თამთა მელაშვილი). 

ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია თემაზე “ფემინიზმის წარსული და უახლესი ისტორია საქართველოში“.

 

ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი დღეს ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას აქცია-მსვლელობით უერთდება, რომელიც დაიწყება 14 საათზე პუშკინის სკვერიდან და დასრულდება ფილარმონიასთან.

“ჩვენ, ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრები და ამ აქციის მონაწილეები მოგიწოდებთ გავერთიანდეთ ქალთა უფლებების დასაცავად. დღეს, როდესაც ქალთა ემანსიპაცია მხოლოდ ფურცელზე არსებობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებმა მოვითხოვოთ საკუთარი უფლებების განხორციელება რეალურ ცხოვრებაში.

8 მარტის აქცია-მსვლელობა ეძღვნებათ ქალებს. დროა საზოგადოებამ მიიღოს, პატივი სცეს და დააფასოს ქალები, როგორც ადამიანები და არა მხოლოდ როგორც დედები, ცოლები და შვილები. ქალებს უნდა ჰქონდეთ რეალური შესაძლებლობები მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ჰქონდეთ თანასწორი და ადეკვატური ანაზღაურება, სრული თავისუფლება, რათა დამოუკიდებლად წარმართონ პირადი თუ საზოგადოებრივი ცხოვრება პატრიარქალური წნეხის გარეშე.

შემოგვიერთდი, თუ იბრძვი რეალური თანასწორობისათვის!” – აცხადებენ მსვლელობის ორგანიზატორები “ფეისბუქში” ღონისძიებისთვის შექმნილ გვერდზე.

 

ქალთა საერთაშორისო დღედ 8 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დააწესა 1975 წელს, თუმცა ქალებმა ბრძოლა თავიანთი უფლებებისთვის თავდაპირველად აშშ–ში დაიწყეს მე–20 საუკუნის დასაწყისში. 1908 წელს ნიუ–იორკში 15 ათასმა ქალმა მოაწყო მსვლელობა. ისინი ითხოვდნენ ნაკლებ სამუშაო საათებს, უკეთეს ანაზღაურებას და საარჩევნო ხმის უფლებას. სწორედ ამ მსვლელობის აღსანიშნავად 1909 წელს აშშ–ში 28 თებერვალი დაწესდა ქალთა ეროვნულ დღედ.

 

1910 წელს კოპენჰაგენში გაიმართა ქალთა კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდა 17 ქვეყნის 100 ქალი. კონფენრეციაზე გერმანიის ნაციონალ–დემოკრატიული პარტიის წევრის, ქალთა მოძრაობის ლიდერის, კლარა ცეტკინის ინიციატივით დაწესდა ქალთა საერთაშორისო დღე – 19 მარტი.

 

მომდევნო წლიდან ამ თარიღის აღნიშვნა დაიწყეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. დღესდღეობით ქალთა საერთაშორისო დღე მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში დასვენების დღედაა გამოცხადებული. ამ დღეს ნეპალში, ჩინეთსა და მადაგასკარში მხოლოდ ქალები ისვენებენ, სხვა ქვეყნებში კი ეს დღე ყველა მოქალაქისთვის არის დასვენების დღე.

 

 

  

მასალების გადაბეჭდვის წესი