ახალი ამბები

მუხთარლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ადვოკატი თბილისის პროკურატურას სთხოვს

9 ივნისი, 2017 •
მუხთარლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ადვოკატი თბილისის პროკურატურას სთხოვს

თბილისში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ადვოკატმა მუხთარლისა და მისი ცოლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით თბილისის პროკურატურას მიმართა. ეს გადაწყვეტილება არჩილ ჩოფიკაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც ძველი თბილისის რაიონულ პროკურატურისთვის მიმართვიდან 48-საათიანი ვადა ამოიწურა:

“თუ ზემდგომი პროკურორიც არ დააკამყოფილებს ამ მოთხოვნას, გავასაჩივრებთ სასამართლოში. არის 48-საათიანი ვადა, რომ ცნოს დაზარალებულად. შესაბამისად, ორშაბათამდე დაველოდებით, რომ თბილისის პროკურატურამაც განიხილოს ეს საქმე. თუ, ვთქვათ, ორშაბათს არ იქნება ეს გადაწყვეტილება, იმ კვირაში სასამართლოს მივმართავთ” – ამბობს არჩილ ჩოფიკაშვილი.

ადვოკატის თქმით, დაზარალებულის სტატუსი საშუალებას მისცემს აფგან მუხთარლისა და ლეილა მუსტაფაევას, გაეცნონ საქმის მასალებს და საქმის მასალების გაცნობის შემდგომ დააყენონ შუამდგომლობები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით.

“პირველ რიგში, ამ გატაცებით მოხდა თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ასევე, ირიბად, ალბათ, იყო მიზანი, რომ ლეილა მუსტაფაევას ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელი შეეშალათ და დაეშინებინათ. შესაბამისად, ორივე უნდა იყვნენ დაზარალებულად ცნობილი” – ამბობს ადვოკატი.

არჩილ ჩოფიკაშვილმა შუამდგომლობით  მიმართა პროკურატურას, რათა მუხთარლის საქმე ამ უწყებამ გამოიძიოს. თუმცა, ადვოკატის თქმით, პროკურატურიდან ამ საკითხზე ჯერჯერობით არანაირი სიახლე არაა.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, 19:00 საათზე თბილისში, საკუთარმა მეგობრებმა ნახეს. მან დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში, ამის შემდეგ ის თბილისში აღარავის უნახავს. აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი