„ბათუმს კიდევ ერთი მეჩეთი არ სჭირდება“, – ამის შესახებ აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ დავით თედორაძემ დღეს განაცხადა.
როგორც დავით თედორაძემ მწერალთა კავშირში გამართულ დისკუსიაზე თქვა, აჭარაში 119 მეჩეთია და ახალი მეჩეთის მშენებლობა არა რელიგიურ, არამედ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.

 
ამასთან, თედორაძე ტყუილს უწოდებს განცხადებებს იმის შესახებ, რომ თითქოს ბათუმის მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს. მისი თქმით, მეჩეთი სრულად პარასკევის ლოცვის დროსაც კი არ ივსება.

მწერალ შოთა ზოიძის შეფასებით კი, რომელიც ოქტომბრის არჩევნების დროს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო შუახევში, „ბათუმის მეჩეთი მწვერვალია იმ აისბერგისა, რომელიც საქართველოსკენ მოცურავს და წალეკვით ემუქრება.“


პოეტი ვახტანგ ღლონტი აცხადებს, რომ მეჩეთის აშენება სახელმწიფოებრივ დონეზე უნდა წყდებოდეს და ეს თემა საქართველოს სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

 
როგორც ვახტანგ ღლონტი აღნიშნავს, მეჩეთის თემა ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ ქალაქი ორად გაიყოს. მისივე თქმით, მეჩეთი არის საქართველოს წარსული და არა მომავალი. ეს თემა საქართველოში აჭარის მკვიდრმა მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს და არა პოლიტიკოსებმა.

ამასთან, ვახტანგ ღლონტი, რომელიც წინა მოწვევის ბათუმის საკრებულოს დეპუტატი იყო „ნაციონალური მოძრაობიდან“, წინა ხელისუფლებას დემოგრაფიული ფონის შეცვლაში ადანაშაულებს და მეჩეთის აშენების თემას სწორედ ამ მიზანს უკავშირებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *