მრგვალი მაგიდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროს მიერ არის ორგანიზებული და მასში მონაწილეობას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელობა იღებს.
საპატიმროებში ქალთა რესოციალიზაციის პროექტს სამინისტროსთან ერთად 4 საერთაშორისო ორგანიზაცია ახორციელებს. ეს ორგანიზაციებია: “ქალი და ბიზნესი,” ქალთა კლუბი “პეონი,” “საქართველოს პროფესიონალ ფსიქოლოგთა ასოციაცია” და “ციხის საერთაშორისო რეფორმა”.
“მთავარი, რაც ახალი ხელისუფლების პირობებში შეიცვალა, არის სისტემის გაადამიანურება, ჩვენი მიზანი არა მხოლოდ ადამიანის დასჯაა, არამედ მისი რესოციალიზაციაც. ამის რესურსი და სახსრები მთლიანად სახელმწიფოს არ აქვს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება. ყოველი ასეთი ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი, მსგავსი გრძელვადიანი პროექტები,”- განაცხადა სასჯელაღრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა შეხვედრის დაწყების დროს.





