ახალი ამბები

პარლამენტში კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შესწავლას აპირებენ

7 მარტი, 2013 •
პარლამენტში კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შესწავლას აპირებენ

დეპუტატებს საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა თავდაპირველად დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც მათ კომუნიკაციების სფეროში მოღვაწე სხვადასხვა კომპანიებმა მიმართეს დარღვევევების შესწავლის მოთხოვნით.

 

“საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს მთლიანად ის ვითარება, რომელიც შეიქმნა ამ სფეროში, სადაც გადაწყვეტილებები მიიღებოდა კონკურენტულობის პრინციპის დარღვევით, იყო ინტერესთა კონფლიქტები და ა.შ. სხვადასხვა კომპანიები დავობენ, რომ მათი უფლებები მარეგულირებელმა კომისიამ შელახა, მათ შესაბამისი ფაქტებიც წარმოადგინეს”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრმა, დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა. მისი თქმით, ამ საკითხებზე კომიტეტმა 21 თებერვალს იმსჯელა, სადაც იმყოფებოდნენ როგორც პრეტენზიების მქონე კომპანიების წარმომადგენლები, ისე კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები. დეპუტატის ცნობით, აღნიშნული კომპანიების მოხსენებებს პასუხი გასცეს მარეგულირებელი კომისიის წევრებმა, თუმცა გია ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ ეს პასუხები არ იყო ამომწურავი, რის გამოც მათ გადაწყვიტეს პლენარულ სხდომაზე ემსჯელათ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე.

 

“იმ საკითხებზე, რაზეც მსჯელობა გაიმართა კომიტეტში, კომისიას აქვს პასუხები და ეს პასუხები წერილობით უკვე გადაიგზავნა პარლამენტში, კითხვების ნაწილს კი კომიტეტის სხდომაზე გაეცა პასუხი. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის პრესმდივანმა ხატია ყურაშვილმა. მან ასევე განმარტა მიზეზი, თუ რატომ არ იყო მარეგულირებელი კომისიის წევრების პასუხები ამომწურავი დასმულ კითხვებზე.

 

“კითხვებზე პასუხების გაცემა სრულად ვერ მოხერხდა იმიტომ, რომ საკომიტეტო მოსმენაზე გარდა დეპუტატებისა, იმყოფებოდნენ მომჩივანი კომპანიებისა და დარგის წარმომადგენლები, მარეგულირებელი კომისიის წევრები. საუბრისას იყო ჩაკითხვები და ვიყავით დროში შეზღუდულები”, – აცხადებს ხატია ყურაშვილი. მისივე განმარტებით, სწორედ ამიტომ კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ყველა კითხვასთან დაკავშირებით მოამზადა დეტალური წერილობითი პასუხი და გაუგზავნა პარლამენტს. მარეგულირებელი კომისიის პრესმდივნისვე თქმით, კომისია მზადაა სათანამშრომლოდ და დამატებით კითხვებზე პასუხის გასაცემად.

მასალების გადაბეჭდვის წესი