ახალი ამბები

საია–მ შესაძლოა გიორგი ბარათაშვილს იურიდიული დახმარება გაუწიოს

6 მარტი, 2013 • • 1020
საია–მ შესაძლოა გიორგი ბარათაშვილს იურიდიული დახმარება გაუწიოს

აღნიშნულის შესახებ კახა კოჟორიძემ „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში დღეს, 6 მარტს გამართული პრესკონფერენციისას ისაუბრა.

 

საია–ს თავმჯდომარის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი დაუკავშირდა საია–ს იურისტებს და მათი შეხვედრა დღეს, დღის მეორე ნახევარში გაიმართება.

 

„შეხვედრის შემდეგ ჩვენთვის  მისგან უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი და მერე გადავწყვეტთ, გავუწევთ თუ არა მას საადვოკატო ან რაიმე სხვა სახის იურიდიულ დახმარებას. ამ ეტაპზე ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის. ეს საკითხიც იმ პროცედურის მიხედვით გადაწყდება, რაც ჩვენთანაა მღებული. კონკრეტული იურისტები სწავლობენ კონკრეტული საქმის დეტალებს, იურიდიული დახმარების ცენტრის კოორდინატორი, ადვოკატი და თავმჯდომარე, საბოლოო ჯამში, იღებენ გადაწყვეტილებას, გაუწიონ თუ არა ვინმეს იურიდიული დახმარება“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

 

კოჟორიძის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება აჩენს კითხვებს და დიდი ალბათობით, საია გიორგი ბარათაშვილს გაუწევს იურდიულ დახმარებას.

 

„ჩემთვის დამაჯერებელი არ არის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება, რომ ბარათაშვილმა ვერ მოახერხა არხზე დაძაბულობის შემცირება. დაძაბულობა, მე როგორც ვიცი, აქამდე არსებობდა. არსებობს ვარაუდი, რომ სამეურვეო საბჭოს ეს გადაწყვეტილება უკავშირდება ხათუნა ბერძენიშვილის თემას“, – მიიჩნევს კახა კოჟორიძე.

 

მისი თქმით, ხათუნა ბერძენიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გიორგი ბარათაშვილზე შესაძლო პოლიტიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით, საინტერესოა და შესაძლოა, შესწავლის შემდეგ გამხდარიყო ბორდის გადაწყვეტილების საფუძველი, თუმცა ეს არ უნდა მომხდარიყო მხოლოდ ერთი ადამიანის ბრალდებაზე დაფუძნებული.

 

იმ შემთხვევაში, თუ გიორგი ბარათაშვილის საჩივარი მაუწყებლის ბორდმა არ დაკმაყოფილა, მაშინ სარჩელი შევა სასასამართლოში.

 

გიორგი ბარათაშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ  უსაფუძვლოდ გადააყენა დაკავებული თანამდებობიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი