პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციით გაიზრდება შრომის უსაფრთხოებისა და სამართლიანი ანაზღაურების მიღების უფლება. ამის შესახებ მან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც კონსტიტუციის ახალ პროექტს განიხილავენ.
კონსტიტუციის პროექტის 26-ე მუხლი ეხება შრომის, პროფკავშირებისა და მეწარმეობის თავისუფლებას, ასევე, გაფიცვის უფლებას. ირაკლი კობახიძის თქმით, ამ მუხლზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესში.
“ადამიანები ითხოვდნენ ამ უფლებების უფრო მაღალი სტანდარტით დაცვას. მოქმედი კონსტიტუციით, შრომის თავისუფლება ძალიან დაბალი სტანდარტით არის დაცული, კერძოდ, წერია, რომ შრომის სამართლიანი ანაზღაურება, უსაფრთხო პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით. 2003 წელს მე პირადად ვმონაწილეობდი კონსტიტუციის განხილვაში და ზუსტად ვიცი, რატომ ჩაიწერა ეს უსუსტესი ნორმა. ამ ჩანაწერის მიზანი ის იყო, რომ მაქსიმალურად დაბალი სტანდარტით ყოფილიყო გარანტირებული უფლებების დაცვა.”
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მმართველმა გუნდმა ამ საკითხზე კონსულტაციები გამართა და გადაწყვიტეს, რომ უფლებების კონსტიტუციური დაცვის ხარისხი გაიზარდოს:
“ვფიქრობთ, რომ უნდა გაძლიერდეს ამ უფლებების დაცვის სტანდარტი. კერძოდ, განისაზღვრება ორგანული კანონით კი არ უნდა ეწეროს, არამედ დაცულია ორგანული კანონით უფლება – შრომის უსაფრთხოებაზე, ქალისა და არასრულწლოვნის განსაკუთრებული შრომის პირობები და უფლება შრომის სამართლიან ანაზღაურებაზე. ეს იქნებოდა ეფექტური გარანტია ამ უფლებების დაცვის. ჩენ გვექნება საბოლოო კონსულტაციები ნორმის რედაქციასთან დაკავშირებით. ამ უფლებების კონსტიტუციაში ასახვა ძალიან კარგი იქნება. ვფიქრობთ, რომ ამის კონსტიტუციაში ჩაწერა აუცილებელია,” – აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოს საერთო სასამართლოებში შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის შესახებ (სსკ 240-ე მუხლი) 2015-17 წლებში 48 საქმე განიხილეს 56 პირის მიმართ, საიდანაც საპროცესო შეთანხმებით დასრულდა 35 სისხლის სამართლის საქმე 41 პირთან. თავისუფლების აღკვეთა კი მხოლოდ 4 პირს შეეფარდა.
შრომის უსაფრთხოების პირობების ინსპექტირების გამკაცრება ხელისუფლებამ მიმდინარე წლის მაისში, ტყიბულის მაღაროში 4 მუშის დაღუპვის შემდეგ გადაწყვიტა.
ამავე თემაზე – რას ცვლის სოციალური უფლებების დაცვის კუთხით კონსტიტუციის პროექტი.