ახალი ამბები

ფანჯიკიძე: ჰამერბერგი საქართველოში მონიტორინგს განახორციელებს

5 მარტი, 2013 • 1072
ფანჯიკიძე: ჰამერბერგი საქართველოში მონიტორინგს განახორციელებს

შეხვედრის შემდეგ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნული შეხვედრის შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა. 

 

“ჰამერბერგი საქართველოში იმ პროცესების მონიტორინგს განახორცილეებს, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ გამჭვირვალედ წარიმართოს,”- განაცხადა ფანჯიკიძემ.

 

მისი თქმით, იმ 4 თვეში, როდესაც ჰამერბერგი საქართველოში იმუშავებს, მონიტორინგს გაუწევს რიგ საკითხებს, მათ შორის სისხლის სამართლის გახმაურებულ საკითხებს.

 

“რათა არ დარჩეს არც საქართველოში და არც უცხოეთში საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ რამე გაუმჭვირვალე.”

 

როგორც ფანჯიკიძისგან ირკვევა, მონიტორინგის ვრცელ შედეგებს ჰამერბერგი მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს შეაჯამებს. 

 

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ბიძინა ივანიშვილის მოწვევით ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ქეთრინ ეშტონმა და გაფართოვებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა სტეფან ფულემ საქართველოში მოავლინეს სპეციალური წარმომადგენელი – თომას ჰამერბერგი, როგორც ევროკავშირის სპეციალური კონსულტანტი სამართლებრივ და კონსტიტუციურ საკითხებსა და ადამიანის უფლებებში.

 

“თომას ჰამერბერგის მისიის მიზანია, უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში ევროკავშირის სახელით საქართველოს მთავრობას გაუწიოს კონსულტაციები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სასამართლო რეფორმა, კონსტიტუციური რეფორმა, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა, პენიტენციური რეფორმა, ადამიანის უფლებების დაცვა და სხვა. 

 

ჰამერბერგი აქტიურად მიადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და პროცესებს. ამგვარად მისი საქმიანობა, ერთი მხრივ, დაეხმარება მთავრობასა და პარლამენტს რეფორმების უკეთ წარმართვაში. საქართველოს მთავრობა ასევე იმედოვნებს, რომ თომას ჰამერბერგი ხელს შეუწყობს საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ევროსტრუქტურების სათანადო ინფორმირებას”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პრემიერის პრესსამსახურმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი