ახალი ამბები

დოლიძე მუხთარლის საქმეზე: არ დარჩება კითხვები, რომელიც საქართველოს ჩრდილს მიაყენებს

7 ივნისი, 2017 •
დოლიძე მუხთარლის საქმეზე: არ დარჩება კითხვები, რომელიც საქართველოს ჩრდილს მიაყენებს

ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და არ დარჩება ზედმეტი კითხვები, რაც შემდეგ საქართველოს ჩრდილს მიაყენებს.

ეს განცხადება ვიქტორ დოლიძემ სასტუმრო “რეგიონში”, საქართველო-ევროკავშირის სამართლებრივი დაახლოების შესახებ გამართული შეხვედრის დაწყების წინ გააკეთა.

“ნეტგაზეთმა” დოლიძეს ჰკითხა- რადგანაც მუხთარლის საქმეში საუბარია ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევაზე, ხომ არ შეუშლის ეს ხელს საქართველოს ურთიერთობას ევროპულ სტრუქტურებთან:

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან რეზონანსული საქმე და, რა თქმა უნდა, არავის არ უნდა, ჩვენს ქვეყანას მიადგეს ჩრდილი. მაგრამ გამოძიება მიმდინარეობს და მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ არ დარჩება რაღაც ზედმეტი კითხვები იმასთან დაკავშირებით, რაც მერე შესაძლებელია საქართველოს მომავალში ჩრდილი მიაყენოს. დემოკრატია ამ ქვეყანაში არის განსხვავებული და ამას, მგონი, ყველა ხვდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამგვარ სერიოზულ, რეზონანსულ საქმეს სჭირდება პასუხის გაცემა. ამიტომ, მე იმედი მაქვს, რომ ეს პასუხიც მალე გაეცემა,”- განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, 19:00 საათზე თბილისში, საკუთარმა მეგობრებმა ნახეს. მან დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში, ამის შემდეგ ის თბილისში აღარავის უნახავს. აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი