დაკავებული მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდასაჭერად დღეს, 7 ივნისს მთავრობის კანცელარიასთან აქცია ამ წუთებში [11:11] იმართება. აქციის ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციები არიან.
“საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, არ დაუშვას მუსტაფა ემრე ჩაბუქის გადაცემა თურქეთის მთავრობისთვის, სადაც ის შესაძლოა პოლიტიკური დევნის, წამების/არაადამინური მოპყრობისა ან დასჯის მსხვერპლი გახდეს, და არ მიეცეს სამართლიან მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა”,- აცხადებენ ისინი.
თბილისში არსებული დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. როგორც მისმა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, მიზეზი თურქეთის მხარის მოთხოვნაა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს. ამ ფაქტს ერთი დღით წინ უსწრებდა თურქეთის მთავრობის ვიზიტი საქართველოში, რომელზეც ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკური და კულტურის საკითხები იქნა განხილული.
თურქეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების საქართველოზე შესაძლო გავლენაზე ნეტგაზეთის სტატია წაიკითხეთ აქ. ფეტულა გიულენისა და ერდოღანის დაპირისპირების შესახებ – აქ.