ახალი ამბები

ლაშა ტუღუში: საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი უნდა შევცვალოთ

5 მარტი, 2013 • 1346
ლაშა ტუღუში: საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი უნდა შევცვალოთ

“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ აღმოვჩნდეთ მომავალში მსგავს ცუდ და უხერხულ ვითარებაში. დღეს რაც ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ეს არის ხალხის ფულით შექმნილი ტელევიზია და არანაირ ბორდს არ აქვს უფლება, მოაწყოს ის ვაქხანალია, რომელიც დღეს არის საზოგადოებრივ მაუწყებელში. შეუძლებელია ავიტანოთ ასეთი ტიპის სპექტაკლები, რასაც გაუთავებლად დგამს ბორდი, განსაკუთრებით ბოლო დროს. ბორდმა არ იცის, რამდენი აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს ვალი სახელმწიფოს წინაშე, ამის შემდეგ რა ბორდზეა საერთოდ საუბარი?” – აცხადებს ლაშა ტუღუში. მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი უნდა შეიცვალოს:

“ორ რამეს უნდა მივაქციოთ ყურადღება: პირველი, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ გავიგოთ, რეალურად რა ხდებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე წლების განმავლობაში, როგორ იმართებოდა და დღეს რა ხდება, იმისათვის, რომ მომავალში მსგავს სიტუაციაში არ აღმოვჩნდეთ. მეორე, აუცილებლად გვჭირდება ახალი მიდგომები სამართლებრივი, ახალი კანონი, გნებავთ, ცვლილებები კანონში, ახალი სამართლებივი ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს ბორდის უკეთეს მუშაობას, დირექტორის უფრო ეფექტურ მუშაობას, ფინანსურ გამჭვირვალეობას, დაბალანსებულ ინსტიტუციას ბორდის სახით.

 

ამ ვითარებაში ერთადერთ სწორი გადაწყვეტილებაა ახალი კანონით ახალი ბორდის არჩევა, რომელიც რეალურად დაიწყებს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენებას”, – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.


შეგახსენებთ, რომ გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ თანამდებობიდან გადააყენა გენერალური დირექტორი, რომელიც რამდენიმე თვის წინ კონკურსის წესით დანიშნა. ბორდმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გიორგი ბარათაშვილმა სამსახურიდან დაითხოვა არხის საინფორმაციო მიმართულების ხელმძღვანელი ხათუნა ბერძენიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი