ახალი ამბები

ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის მხარდამჭერი აქცია სასამართლო პროცესამდე

5 მარტი, 2013 • • 1240
ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის მხარდამჭერი აქცია სასამართლო პროცესამდე

დღეს, 5 მარტს, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მერიის კულტურის სამსახურის უფროსის თემურ ცამციშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები ის ახალგაზრდები არიან,  რომლებიც მერიის კულტურის სამსახურის ინიციატივით განხორციელებულ სხვადასხვა პროექტში იყვნენ ჩართული. იმიტირებულ პროცესზე აქციის მონაწილეებს ტრანსპარანტებზე მერიის განხორციელებული პროექტები ჰქონდათ წარმოდგენილი და მათი თქმით, ცამციშვილს  ბრალი ამ პროექტების განხორციელებისთვის დასდეს. აქციაზე ცამციშვილს განაჩენი არ გამოუტანეს. ახალგაზრდების თქმით,  ქუთაისის სიყვარულისა და ქალაქის უკეთესი მომავლისათვის ჯერ ადამიანი არ გაუსამართლებიათ.

 

აქციის დასრულებისას ქუთაისში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროების წარმომადგენლებმა ხეწლმოწერები შეაგროვეს, რომელსაც პროცესის დაწყებამდე მოსამართლეს წარუდგენენ და  მხარდაჭერას სთხოვენ, რომ ქუთაისში დაგეგმილ კულტურულ პროექტებს შეჩერების საფრთხე არ დაემუქროს. 

 

აქციის ერთ-ერთი მონაწილე გიგა გელხვიიძე მიიჩნევს, რომ ცამციშვილისთვის ბრალის წაყენება უსამართლობაა:

 

“თემურ ცამციშვილი არის ქუთაისის გულშემატკივარი ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ არ მოკვდეს ქალაქში კულტურული ცხოვრება და ახალგაზრდების როლი გაიზარდოს საზოგადოებაში  მაქსიმალურად და გაკეთდეს ყველაფერი კარგი ქალაქისათვის. ვთვლი, რომ უსამართლოდ წაუყენეს ბრალი თემურ ცამციშვილს და მას ბრალდება უნდა მოეხსნას.” 

 

თემურ ცამციშვილს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით საბიუჯეტო სახსრების  გაფლანგვას ედავება. ცამციშვილისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.

ცამციშვილის მხარდამჭერი აქცია
ცამციშვილის მხარდამჭერი აქცია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი