საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ქონება, “ფორბსის” მონაცენემებით, 2012 წელთან შედარებით 1,1 მილიარდი დოლარით შემცირდა. 2012 წელს, “ფორბსის” რეიტინგის თანახმად, ივანიშვილის ქონება 6,4 მილიარდი დოლარი იყო. ივანიშვილს “ფორბსის” რეიტინგში 2012 წელს 153–ე ადგილი ეკავა.
გამოცემა დეტალურად აღწერს, თუ როგორ დააგროვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფული.
გამოცემის ინფორმაციით, 1984 წელს ივანიშვილი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. მან ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის წოდება მიიღო.
“ფორბსის” ინფორმაციით, ივანიშვილმა ფული რუსეთში პრივატიზაციის დროს იშოვა. მისი პარტნიორი იყო ვიტალი მალკინი, რომელთან ერთადაც ძვირფასი ლითონების შესყიდვას ახორციელებდა.
2003 წელს ბიძინა ივანიშვილი საქართველოში დაბრუნდა. “ფორბსის” ცნობით, მან გაყიდა თავისი ბიზნესები რუსეთში. ის ბოლო დროს ამერიკულ აქციებსა და ხელოვნების ნიმუშებში ახდენს რეინვესტირებას.
“ფორბსის” ინფორმაციით, ”ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის ოქტომბერში გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
ივანიშვილმა პრემიერის პოსტის დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე რუსეთში თავისი ბიზნესი 1,3 მილიარდ დოლარად გაყიდა.
ფორბსის ცნობით, “ივანიშვილს მილიარდი დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშების კოლექცია აქვს. ივანიშვილი ფლობს პაბლო პიკასოს ნამუშევარს “დორა მაარი კატასთან ერთად”, რაშიც 2006 წელს “სოთბის” აუქციონზე 95 მილიონი დოლარი გადაიხადა”.
“ფორბსის” სიაში მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტულს მექსიკელი კარლოს სლიმი ინარჩუნებს. მისი ქონება 73 მილიარდი დოლარია. მეორე ადგილზეა ბილ გეითსი 67 მიალიარდი დოლარით. მესამეზე – ესპანური ბრენდის “ზარას” მფლობელი ამანსიო ორტეგა 57 მილიარდი დოლარით. მეოთხეზე – უორენ ბაფეტი 53,5 მილიარდი დოლარით. მეხუთე ადგილს იკავებს ლარი ელსონი 43 მილიარდი აშშ დოლარით.
“ფორბსის” 2013 წლის მარტის რეიტინგში პლანეტის 1 426 მდიდარი ადამიანია წარმოდგენილი. მათი ქონება, ჯამში 5,4 ტრილიონ აშშ დოლარს შედგენს.