ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი სამეურვეო საბჭოს უდნობლობას უცხადებს

4 მარტი, 2013 • • 1046
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი სამეურვეო საბჭოს უდნობლობას უცხადებს

მაუწყებლის თანამშრომლებმა, რომელთა შორის არიან- “მეორე არხის” პროდიუსერი დოდო შონავა, ასევე გადაცემა “სამოთხის ვაშლების” პროდიუსერი გოგა ჩართოლანი, უკამაყოფილება გამოხატეს იმის გამო, რომ არ მიეცათ საშუალება, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ესაუბრათ შექმნილ ვითარებაზე და მოუწიათ განცხადების გაკეთება “მეცხრე არხის” პირდაპირ ეთერში.

 

გოგა ჩართოლანის განცხადებით, სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებამ გიორგი ბარათაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ საზოგადოებირვი მაუწყებლის თანამშრომელთ ნაწილში გააჩინა გარკვეული კითხვები. ისინი “გაუგებარს” უწოდებენ იმ არგუმენტებს, რაც სამეურვეო საბჭომ დაასახელა გიორგი ბარათაშვილის გადაყენების მოტივად.

 

“რომელ კრიზისზეა საუბარი? ვინ შექმნა ეს კრიზისი? ყოველ შემთხვევაში, ეს კრიზისი ამ ეტაპზე გენერალურ დირექტორს ნამდვილად არ შეუქმნია”, – განაცხადა გოგა ჩართოლანმა. მისივე განცხადებით, კრიზისი საოგადოებრივ მაუწყებელში უკვე ათწლეულებია არსებობს.

 

გოგა ჩართოლანი და დოდო შონავა
გოგა ჩართოლანი და დოდო შონავა

“სწორედ იმის გამო, რომ კრიზისი არსებობდა მრავალი ათწლეულის განმავლობაში ამ მაუწყებელზე, დღეს მოხდა გარკვეული ცვლილებები და გარკვეული დალაგება ამ კრიზისის, რაც ძალიან ბევრ ადამიანს, შეიძლება, უბრალოდ არ მოსწონდა, არ აწყობდა, რის გამოც მიიღეს გარკვეული გადაწყვეტილებები. ჩვენ სხვა საფუძველს ამ შემთხვევაში ვერ ვხედავთ”,  – მიიჩნევს “სამოთხის ვაშლების” პროდიუსერი გოგა ჩართოლანი. იგი სვამს კითხვას, თუ რამდენად არის ამჯერად თავად ბორდის გადაწყვტილება კრიზისის შემცველი და საზოგადოებრივი მაუწყებლის უფრო ღრმა კრიზისში შეყვანა? 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის “მეორე არხის” პროდიუსერმა დოდო შონავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათ სურდათ დღეს, 22:00 საათზე, დავით პაიჭაძის გადაცემაში ესაუბრათ იმ პრობლემებზე, რაც დღეს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების გამო შეიქმნა მაუწყებელში, თუმცა ჟურნალისტისგან მიიღეს უარი. 

 

მაშინ, როცა “პირველი არხის” თანამშრომლების ბრიფინგი დაიწყო 22:00 საათზე, ამ დროს “პირველი არხის” ეთერში გადიოდა დავით პაიჭაძის გადაცემა, რომლის მთავარი თემა იყო საქართველოს პრემიერ–მინისტრისა და პრეზიდენტის დღევანდელი შეხვედრა, რომელიც მეორედ შედგა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. 

 

„ჩვენ აღარ გვინდა კრიზისულ ვითარებაში მყოფი საზოგადოებრივი მაუწყებელი. ჩვენ გვინდა სიმშვიდე. ჩვენ გვინდა მომავალზე ორიენტირებული გუნდი, გუნდი, რომელიც შედგება გულშემატკივრებისაგან და არა ისეთი  ჟურნალისტებისაგან, რომლებიც  ეთერში არ საუბრობენ ამ პრობლემებზე, კერძოდ, ამ შემთხვევაში მე დავით პაიჭაძე მყავს მხედველობაში. მან თქვა, რომ ეს არ არის საზოგადოებისათვის საინტერესო თემა”, – განაცხადა დოდო შონავამ პრესკონფერენციაზე. მან მოუწოდა პარლამენტს, დროულად შევიდეს ცვლილებები მაუწყებლობის კოდექსში და საზოგადოებრივი მაუწყებელი “ჩადგეს ხალხის სამსახურში”, ასევე, “შეიქმნას ისეთი ბორდი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კრიზისზე და მისცემს საშუალებას დირექტორს, განახორციელოს ნორმალური მენეჯმენტი”.

 

 

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” თანამშრომლებმა იგივე თემაზე დაახლოებით 1.5 საათის შემდეგ ტელეკომპანია “მაესტროს” პირდაპირ ეთერშიც ისაუბრეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი