ახალი ამბები

ქართული მხარე კონგოში მფრინავის გარდაცვალებაზე დადასტურებულ ცნობას არ ფლობს

6 ივნისი, 2017 • 2630
ქართული მხარე კონგოში მფრინავის გარდაცვალებაზე დადასტურებულ ცნობას არ ფლობს

ქართული მხარე კონგოს დამოუკიდებელ რესპუბლიკაში ქართველი მფრინავის შესაძლო გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ამ დრომდე არ ფლობს.

როგორც სამხრეთ აფრიკაში საქართველოს ელჩი ბექა დვალი აცხადებს, მას შემდეგ, რაც მაისის ბოლოს საქართველოს პირველწყარომ იოსებ ოსურაულის გარდაცვალების შემდეგ ინფორმაცია მიაწოდა, ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მისიების დახმარებით ცდილოებენ ცნობის გადამოწმებას.

“პირველწყაროდან, თავად იმ აბოხებული დაჯგუფების – M23-ის მხრიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ მოხდა შეტაკება და შესაძლოა დაღუპულთა შორის იყოს საქართველოს მოქალაქე. ბუნებრივია, იმ მომენტიდან დავიწყეთ ინფორმაციის გადამოწმება საერთაშორისო ორგანიზაციების, რეგიონში მყოფი ორგანიზაციების მეშვეობით და დღესაც ვართ ამ პროცესში. ჯერჯერობით ინფორმაცია დადასტურებული არ არის სხვა წყაროების მხრიდან,” – აცხადებს ბექა დვალი.

დვალის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ვალდებული იყო, ოჯახისათვის ეცნობებინა დაჯგუფებისაგან მიღებული ინფორმაცია. თავად კი ამჟამად ამოწმებს, მართალია თუ არა აღნიშნული იფორმაცია. იგი ამბობს, რომ კონგოში, კონფლიქტის ზონაში ვითარება რთულია, რაც პროცესს აბრკოლებს.

ელჩის თქმით, მედიაში გავრცელებული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ოსურაული ოჯახის წევრებს მიმართავს, საგარეო საქმეთა სამინისტროს იოსებ ოსურაულის ძმამ, გიორგი ოსურაულმა 21 თებერვლის მიწურულს მიაწოდა და ახალი ჩანაწერი არ არის.

“მე მოვუწოდებ ყველას, თუ ვინმე რაიმე ფაქტებით დადასტურებულ ინფორმაციას ფლობთ იოსებ ოსურაულის შესახებ, მიაწოდოთ ეს ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნორმალურ სამუშაო რეჟიმში, რათა არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.”

კონგოს დამოუკიდებელ რესპუბლიკაში ქართველი მფრინავი იოსებ ოსურაული მიმდინარე წლის იანვარში ტყვედ აიყვანა ამბოხებულმა დაჯგუფებამ, M23-მა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის კერძო დანაყოფში მსახურობდა.

დღეს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ ასევე დაადასტურა, რომ პრეზიდენტის ადმინსიტრაციას აქვს კომუნიკაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროსა და სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩოსთან და პრეზიდენტის მდივანი საგარეო საკითხებში ჩართულია მფრინავის ძებნის პროცესში.

მასალების გადაბეჭდვის წესი