ახალი ამბები

გიორგი ბარათაშვილი: სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება არ იყო სამართლიანი

4 მარტი, 2013 • • 1212
გიორგი ბარათაშვილი: სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება არ იყო სამართლიანი

გიორგი ბარათაშვილმა აღნიშნული განცხადება “პირველი არხის” ეთერში სატელეფონო ჩართვისას გააკეთა. ბარათაშვილის თქმით, ახლა მივლინებით საზღვარგარეთ იმყოფება და საქართველოში უახლოეს საათებში დაბრუნდება და უფრო ვრცელ განცხადებას გააკეთებს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

 

ბარათაშვილის თქმით, მან სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ მეგობრებისგან ტელეფონით შეიტყო და მას საბჭოდან არავინ არ შეხმიანებია.

 

თავის მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 8–საათიანი სხდომის დასრულების შემდეგ საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძემ “პირველი არხის” ეთერში წაიკითხა განცხადება საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.  

 

“ამ წლის 4 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ განიხილა მაუწყებელში შექმნილი ვითარება. საკითხის განხილვას წინ უძღოდა მაუწყებლის გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის მიერ ამავე ორგანიზაციის  საზოგადოებრივ–პოლიტიკური დეპარტამენტის უფროსის ხათუნა ბერძენიშვილის ფაქტობრივი გადაყენება და ამ უკანასკნელის მიერ გენერალური დირექტორის დადანაშაულება მისი მხრიდან სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის, პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებისა და ფინანსური გარიგების შეთავაზებაში.  ყოველივე ამას ორივე მხრიდან მოყვა განცხადებები, ბრალდებების გაცვლა, როგორც მაუწყებლის ეთერის, ასევე სოციალური მედიის გამოყენებით. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მთავარი ფუნქცია საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე ზედამხედველობა, მაუწყებელში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და მაუწყებლის რეპუტაციის დაცვაა.  

 

აქედან გამომდინარე, სამეურვეო საბჭომ ვალდებულად ჩათვალა განეხილა ზემოთ აღნიშნული საკითხი. საბჭომ მოისმინა ორივე მხარის არგუმენტები, რის შემდეგაც, საბჭოს წევრების მოთხოვნით, მაუწყებლობის შესახებ კანონის 32–ე პრიმა მუხლის პირველი პუნქტის ბ ქვეპუნქტის თანახმად, დადგა გენერალური დირექტორის მიმართ უნდობლობის გამოცხადების საკითხი. მაუწყებლობის შესახებ კანონის 32–ე პრიმა მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საბჭომ დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი. გადაწყვეტილების მიღებისას საბჭო ხელმძღვანელობდა შემდეგი არგუმენტებით: საზოგადოებრივი მაუწყებლის უმთავრესი ფუნქციაა იყოს თავისუფალი ნებისმიერი პოლიტიკური კონიუნქტურისგან და ასრულებდეს თავის ძირითად მიზანს, მოსახლეობას მიაწოდოს დაბალანსებული და მიუკერძოებელი ინფორმაცია. საბჭო ვალდებულია მაუწყებელი დაიცვას ყველა შესაძლო პოლიტიკური ზეგავლენებისგან და უზრუნველყოს მაუწყებლის რეპუტაცია. ფორმა, რომლითაც კონფლიქტი საზოგადოებას მიეწოდა, ზიანს აყენებს მაუწყებელს, მის შიდა სტაბილურობას, მხარეებს უნდა გამოეჩინათ თავშეკავება და კეთილგონიერება, რათა კონფლიქტი არ გამხდარიყო პოლიტიკური სპეკულაციების საგანი. საბჭო ხელმძღვანელობს მხოლოდ კანონით, ეჭვქვეშ არ აყენებს გენერალური დირექტორის უფლებას, მიიღოს საკადრო გადაწყვეტილებები და დაუშვებლად მიიჩნევს, რომ საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება საკადრო საკითხებში ჩარევად იქნას ინტერპრეტირებული.

 

ასეთი კრიზისული ვითარების შექმნა იმ პირობებში, როცა მაუწყებელზე ხორციელდება მრავალმხრივი ზეწოლა, მიგვაჩნია უპასხუისმგებლობად და საზოგადოების ინტერესებისთვის საფრთხის შემცველად. “საზოგადოებრივი მაუწყებელი” მოუწოდებს საზოგადოებას, საერთაშორისო პარტნიორებსა და დაინტერესებულ ორგანიზაციებს, თვალყური ადევნონ მაუწყებელში მიმდიანრე პროცესებს. ჩვენი მხრიდან მზდყოფნას გამოვთქვამთ მაუწყებელში არსებულ მდგომარეობაზე უწტყვეტ რეჟიმში მივაწოდოთ ინფორმაცია ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს”, – ნათქვამია სამეურვეო საბჭოს საგანგებო განცხადებაში. 

 

სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაუწყებლის გენერალური დირექოტრის მოვალეობას ორგანიზაციის თანამშრომელი გიორგი ბაქრაძე შეასრულებს. უახლოეს მომავალში გამოცხადდება კონკურსი და სამეურვეო საბჭომ 1 თვეში უნდა შეარჩიოს ახალი დირექტორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი