ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე აცხადებს, რომ ჟურნალისტებისთვის შეხვედრაზე უარი არ უთქვამს.
” ის ფაქტი, რომ თავის დროზე პასუხი არ გავეცით, არის ტყუილი. როცა მომივიდა ინფორმაცია, რომ შეხვედრა სურთ, მე ფიზიკურად არ ვიყავი ქალაქში, ორი დღის შემდეგ ჩამოვედი. პრესცენტრმა გასცა პასუხი. ამის შემდეგ არანაირი მოთხოვნა ყოფილა მათი მხრიდან. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ადამიანები ტყუილ ინფორმაციას ავრცელებენ”, – აღნიშნა კილაძემ.
დეპუტატის თქმით, ჯერ საკმარისი ინფორმაცია არ აქვთ და დისკუსია ვერ გაიმართება იმის შესახებ, სწორად მოიქცნენ თუ არა სამართალდამცავები. კილაძე ფიქრობს, რომ სამართალდამცავებს რამდენიმე კვირა კიდევ უნდა მივცეთ:
“ჩვენი სურვილია, რომ მაქსიმალურად სწრაფად გამოიძიონ საქმე. კონტაქტი გვაქვს სამართალდამცავებთან. ეს ძალიან მძიმე და მნიშვნელოვანი საქმეა. კონკრეტულ ვადას ვერ დავაწესებთ, მაგრამ გონივრული ვადა რამდენიმე კვირაა, რომ ეს საქმე მაქსიმალურად გამოიძიონ.”
2 ივნისს ჟურნალისტ აფგან მუხთარლის მხარდამჭერებმა თბილისსა და ქუთაისში, პარლამენტის შენობებთან აქციები გამართეს.
აქციის მონაწილეები პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, სოფო კილაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ. მათ შესაბამისი განცხადებაც ჩააბარეს პარლამენტში, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. მანამდე ჟურნალისტები იმავეს ითხოვდნენ სუს-ის უფროს ვახტანგ გომელაურისგან, თუმცა- უშედეგოდ.
აფგან მუხთარლი 29 მაისს “გაუჩინარდა” და შემდეგ ბაქოში “აღმოჩნდა” დაპატიმრებული.