ახალი ამბები

ომბუდსმენმა ოჯახში ძალადობის ორ საქმეზე მთავარ პროკურორს მიმართა

6 ივნისი, 2017 •
ომბუდსმენმა ოჯახში ძალადობის ორ საქმეზე მთავარ პროკურორს მიმართა

სახალხო დამცველმა ოჯახში ძალადობის ორ საქმეზე გამოძიების დაწყების წინადადებით მთავარ პროკურორს მიმართა. 

ომბუდსმენი ცნობით, ერთ-ერთი საქმე შეეხება ხანდაზმული ადამიანის  მიმართ შვილის მხრიდან განხორციელებულ სისტემატურ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ ძალადობას და სიცოცხლის ხელყოფის მუქარას.

“მან 2010 წლიდან 18-ჯერ მიმართა პოლიციას ოჯახში ძალადობისგან დასაცავად, შეტყობინებებში ძირითადად ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ იყო მითითებული. მიუხედავად იმისა, რომ იგი რამდენიმე წელია პოლიციას დასახმარებლად მიმართავს, მას არ ეძლევა მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა და მორიგი ძალადობის მოლოდინშია. სამართალდამცავი უწყების მიერ თითოეული მიმართვა განხილულია როგორც ცალკე აღებული შემთხვევა და ძალადობის სისტემატური ხასიათი გათვალისწინებული არ არის. ასევე, არ მომხდარა მსჯელობა აღნიშნული ქმედებების ერთობლიობით სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენების შესახებ”,- ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გარცელებულ ინფორმაციაში. 

მეორე საქმე შეეხება ქალისა და მისი შვილების მიმართ ქმრის მხრიდან განხორციელებულ ოჯახში ძალადობას და მუქარას. ძალადობის მსხვერპლი ამბობს, რომ მის შვილებს სისტემატიური ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის შედეგად ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ.

“მიუხედავად იმისა, რომ ის პოლიციის განყოფილებაში მისი და მისი შვილების მიმართ განხორციელებულ ოჯახში ძალადობის საკმაოდ მძიმე ფორმებზე საუბრობდა, საქმეზე მხოლოდ შემაკავებელი ორდერი იქნა გამოცემული. იგი შვილებთან ერთად რამდენიმე თვით განთავსდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში. შესაბამისად, დედისა და შვილების უსაფრთხოება დროებით უზრუნველყოფილია, თუმცა თავშესაფრის დატოვების შემდეგ, შესაძლებელია, ისინი კვლავ განმეორებითი ძალადობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სავარაუდო მოძალადის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა”,- ამბობს ომბუდსმენი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი