დღეს, 6 ივნისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 ახალი წევრის არჩევის საკითხი უნდა განიხილოს. ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს პარალამენტს, რომ უზრუნველყონ საბჭოს წევრების არჩევის გამჭვირვალე და პროფესიულ შეფასებაზე დაფუნებული პროცესი.
არასამთავრობოების განცხადებით, პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის მარეგულირებელი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საბჭოს წევრთა არჩევის გამჭვირვალე და პროფესიულ შეფასებაზე დაფუძნებულ პროცესს. მათივე განცადებით, საიამ საკანონმდებლო წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს, რომელიც გამჭვირვალობის და პროფესიული შერჩევის პროცესის უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად. აღნიშნული შეთავაზება საპროცედურო კომიტეტმა მოიწონა, თუმცა, დაელოდნენ იურიდიული კომიტეტის წინადადებას.
ამიტომ, ისე გამოიცა პარლამენტის თავმჯდომარის აქტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი წევრის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ, რომ პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანა ვერ მოესწრო და პარლამენტი შეუდგა საბჭოს წევრთა არჩევის პროცედურის ჩატარებას მოქმედი წესით, რომელიც არ ითვალისწინებს საბჭოს წევრობის კანდიდატების მოსმენასაც კი საკომიტეტო ფორმატში.
“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანა ვერ მოხერხდა, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის გამჭვირვალე და კანდიდატების კომპეტენციებსა და კეთილსინდისიერებაზე დაფუძნებული შერჩევის პროცესი. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საბჭოს დაკომპლექტებისას გაითვალისწინოთ გენდერული თანასწორობის საკითხები,”- აცხადებენ ორგანიზაციები.
განცხადებას ხელს აწერენ:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ადამიანია უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
ადამიანის უფლებათა ცენტრი