დღეს, 5 ივნისს, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ემზარ კვიციანი და მოქალაქე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
სხდომაზე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განათლების სისტემაში არსებული ვითარების, ქართული ენის უფლებრივი მდგომარეობისა და აღნიშნულ საკითხებზე საპარლამენტო კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის 2016 წლის 19 აპრილის ერთობლივი სხდომის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ისმენდნენ ინფორმაციას. დაპირისპირება “პატრიოტთა ალიანსის” წევრის, ადა მარშანიას სიტყვით გამოსვლას მოჰყვა.
“ეს არის საპარლამენტო განხილვა და არა საზოგადოებრივი. მომხსენებელი გვეუბნება, რომ როგორც კი ინფორმაცია გავასაჯაროეთ, საქმე გაფუჭდა და იქ ხალხი დაზარალდა. სიტყვა არის ტყვია. ამიტომ, სხდომა დავხუროთ, რათა მაქსიმალურად საქმიანი იყოს,” – განაცხადა ადა მარშანიამ, რასაც დეპუტატებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.