ახალი ამბები

სააკაშვილი: მგონი, შეუჯერებელი პოზიციები არ არის

4 მარტი, 2013 • 865
სააკაშვილი: მგონი, შეუჯერებელი პოზიციები არ არის

“სწორია, რომ ჩვენ ასეთი საუბრები გვქონდეს და ამ თემებზე გახსნილად ვესაუბრებოდეთ, არა ღია წერილებით და “ფეისბუქით”. ყველაფერზე ვერ შევთანხმდებოდით, რადგან ჩვენი მსოფლმხედველობა განსხვავდება. შევთანხმდით, რომ საქართველოს უნდა გავუფრთხილდეთ, არც ერთ მხარეს არ გვინდა გართულება. ჩემთვის ყოველგვარი სპეკულაცია, რომ მე შეიძლება გამოვიყენო პრეზიდნეტის არსებული უფლებამოსილება და დავითხოვო მთავრობა ან პარლამენტი არ შეესაბამება სიმართლეს. ეს მთავრობა აირჩია ქართველმა ხალხმა, ამ მთავრობას ჰქონდა მოკლე პერიოდი, რომ მისი სრულფასოვანი შეფასება მოხდეს ან ჩემ მიერ, ან ხალხის მიერ”, – აღნიშნა პრეზიდენტმა. მან მზადყოფნა გამოთქვა, ხელი შეუწყოს ოპონენტებს დაგეგმილი დაპირებების განხორციელებაში.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ერთ–ერთი მთავარი საკითხი პრემიერთან საუვრისას მედიის და სასამართლოს თავისუფლება იყო:

“უნდა შეწყდეს მედიაზე ზეწოლა. საზოგადოებრივ მაუწყებელზე რაც ხდება, ხელის ფათური. მუქარები “რუსთავი 2”–სა და სხვა ტელეარხების მიმართ. ტელეარხები დაიხურა, მეპატრონეები გამოიცვალა. ფაქტია, რომ მედიის მიმართ მიდის გეგმაზომიერი კამპანია კონტროლის დამყარების. ქვეყანაში იქნება ერთი სახის მედიაც და მეორე სახის მედიაც. თორემ ჩვენს მოქალაქეებს აღარ ექნებათ საშუალება, გაიგონ ალტერნატიული აზრი”, – განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, ქვეყნის მთავარი ინტერესია შენარჩუნდეს თავისუფალი მედია და თავისუფალი სასამართლო:

 

“სასამართლო არ უნდა იყოს ვინმეს დიქტატის ქვეშ. სასამართლო უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალ ინსტიტუტად”, – განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ბიძინა ივანიშვილს, რომ შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა:

“მთავრობას უნდა ჰყავდეს ძლიერი ოპოზიცია, რომელსაც შესაძლებლობა ექნება ეს მთავრობა დააზღვიოს თუნდაც იმ შეცდომებისგან, რაც შესაძლოა წინა მთავრობამ დაუშვა. მე ვუთხარი პრემიერს, რომ მე, როგორც პრეზიდენტი, ვარ საკმაოდ უჩვეულო მდგომარეობაში. ბოლო წლებში შეჩვეული ვარ ყოველ დილით გაღვიძებას, ახალი ობიექტების გახსნას, სკოლების მშენებლობას, ხალხმრავალ შეხვედრებს. ახლა ჩემი დღეები ამ გრაფიკისგან თითქმის მთლიანად დაცლილია, ამიტომ ჩემთვის ასეთი უმოქმედობა რეალურად არის მძიმე ტვირთი. რომ გითხრათ, რომ ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს ამ თანამდებობაზე, ეს იქნებოდა სიცრუე”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ის პრეზიდენტის პოსტზე რჩება, დემოკრატიის შენარჩუნება და ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვაა.

სააკაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი იყო საკონსტიტუციო ცვლილებებზეც:

“თითქმის შეთანხმებული ვიყავით საკანონმდებლო საკითხებზე, უნდა მოხდეს რაღაც საკითხებზე ჩაღრმავება. ყველაზე ნაკლებად ახლა ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება, რადგან პოლიტიკური კრიზისი გამოიწვევს ეკონომიკურ კრიზისს და ხალხის გაღატაკებას. მგონი, შეუჯერებელი პოზიციები არ არის, იმედი მაქვს, ამ დაბრკოლებებს გადავლახავთ. ბევრად უფრო ფართოა ეს საკითხი, ვიდრე ღილაკზე თითის დაჭერა პარლამენტში. მე მინდა გადაწყვეტილება მივიღოთ არა ულტიმატუმებით, არამედ კონსენსუსით”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, სხვა დროსაც შეხვდეს პრემიერ–მინისტრს.

 


მასალების გადაბეჭდვის წესი