ახალი ამბები

ქუთაისის თვითმმართველობის თანამშრომლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს

4 მარტი, 2013 • • 1040
ქუთაისის თვითმმართველობის თანამშრომლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს

დღეს, 4 მარტს ქუთაისის მერიის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებით თქმით, მათი მოთხოვნა თვითმმართველობაზე ზეწოლის შეწყვეტაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაფიცვით იმუქრებიან. 

 

ქალაქის მერის ბესიკ ბრეგაძის თქმით, მათზე ზეწოლას რადიკალური ზომით უპასუხებენ:

 

“ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების საზრუნავი უნდა იყოს მოსახლეობის  ინტერესების დაცვა. თუმცა, თუკი ხელისუფლება ისევ შეეცდება თვითმმართველობის უფლებების დარღვევას, ჩვენ რადიკალურ ზომებს მივიღებთ.“

 

ზეწოლაზე საუბრობს ქალაქის ვიცე-მერიც:

 
“თუკი არ შეწყდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების დაკითხვა, იძულებული ვიქნებით პროტესტის რადიკალურ ფორმას მივმართოთ და გავიფიცოთ, რისთვისაც ადგილობრივ მცხოვრებლებს წინასწარ ვუხდით ბოდიშს,” – ამბობს ამირან ძოწენიძე.
 
 
დღევანდელ აქციაში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამასახურში დასაქმებულებიც მონაწილეობდნენ. მეეზოვეების მტკიცებით, ზეწოლა მათზეც ხორციელდება. კერძოდ, მათი განმარტებით, სამოქალაქო ფორმაში მყოფი პოლიციელები მიდიან და ეკითხებიან, თუ რა დავალებებს იღებენ თვითმმართველობისგან:
 
 
“ამ ყველაფერს  განვიცდით და აქ მოვედით იმისათვის, რომ ერთმანეთს მხარში ამოვუდგეთ და ბოლო მოეღოს ამ ზეწოლებს.”

 

ქუთაისის საკრებულოს ფრაქციის “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მამუკა მღვდელაძის თქით, ადგილობრივი ხელისუფლება საზოგადოების გახლეჩას ცდილობს:

 

„გასაგებია თვითმმართველობის პროტესტი, მაგრამ აქციაზე არ უნდა იბარებდნენ   სხვადასხვა სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს. დღეს აქციაზე ბევრი ადამიანი  საკუთარი ნებით იყო მისული. თუმცა, უფრო მეტი დაბარებული იყო სამსახურების ხელმძღვანელების მიერ. კერძოდ, მეეზოვეები. ეს ადამიანები  დაძალებით ჩართეს პოლიტიკურ პროცესებში“, – განაცხდა მღვდელაძემ  დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

 
შეგახსენებთ, რომ 2 მარტს პროკურატურაში ქალაქის მერი ბესიკ ბრეგაძე და  იმერთის ვიცე–გუბერნატორი გოჩა თევდორაძე დაიკითხა. ქუთაისის მერიის კულტურის  სამსახურის უფროსს თემურ ცამციშვილს კი ბრალი წაუყენეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი