ახალი ამბები

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განმარტებები პროცესების გაშუქების ახალ წესზე

4 მარტი, 2013 • 1160
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განმარტებები პროცესების გაშუქების ახალ წესზე

კუბლაშვილის თქმით, დაახლოებით ორი კვირა იქნება საჭირო იმისათვის, რომ აღნიშნული ცვლილებები შევიდეს ძალაში, რის შემდეგაც მედიას საშუალება ექნება განახორციელოს სასამართლო პროცესების ტელე-ვიდეო-აუდიოჩაწერა/ტრანსლაცია.

 

კანონის შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს სასამართლო პროცესის აუდიო-ვიდეოჩაწერა და მოთხოვნისთანავე მიაწოდოს ეს ჩანაწერი მხარეებს და სხვა, მესამე პირებს, მათ შორის ჟურნალისტებს. ამავე კანონის მიხედვით, ეს მუხლი სრულად უნდა ამოქმედდეს 2013 წლის 1 ივნისამდე.

 

“სასამართლოს ამ დროისთვის არ აქვს ტექნიკური საშუალებები, რომ განახორციელოს ვიდეოჩაწერა,” – აცხადებს კოტე კუბლაშვილი.

 

მისივე თქმით, ამისათვის ბიუჯეტიდან სასამართლოსთვის დამატებით გამოიყო 3.5 მილიონი ლარი, რომლითაც მოხდება ვიდეოკამერების შესყიდვა და სასამართლო დარბაზებში მონტაჟი ეტაპობრივად, რაც დასრულდება 1 ივნისამდე.

 

ამას გარდა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, კანონის ის ნორმა, რომლითაც სასამართლო ვალდებულია ყველა სხვა პირს გადასცეს აუდიო-ვიდეომასალა, პრობლემებს უქმნის პირის პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების დაცვის უფლების განხორციელებას. ასეთ შემთხვევაში, კოტე კუბლაშვილის თქმით, პირს, რომლის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლება შეილახება ამ მასალების გავრცელებით, შეუძლია კანონის ეს ნორმა გაასაჩივროს საკონსტიტუციო სასამართლოში.

 

კანონის მიხედვით, სასამართლოს გარდა, “საზოგადოებრივი მაუწყებელი” უფლებამოსილია შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტო-კინო-ვიდეო-აუდიოჩაწერა და ეთერში გადაცემა, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა გადასცეს სხვა პირებს, მოთხოვნის შემთხვევაში. ხოლო თუკი “საზოგადოებრივი მაუწყებელი” არ ისარგებლებს კანონის ამ წესით, ამის შემდეგ საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე სხვა პირს მიენიჭება ეს უფლება.

 

“საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ერთი საათით ადრე მაინც უნდა აცნობოს სასამართლოს, რომ არ განახორციელებს ვიდეოგადაღებას და ასევე, ერთი საათით ადრე უნდა მიმართონ საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე სხვა პირებმა სასამართლოს წერილობითი განცხადებით და მოითხოვონ ვიდეოგადაღება,” – აცხადებს კოტე კუბლაშვილი.

 

კანონის შესაბამისად, თუკი რამდენიმე ლიცენზიანტი მაუწყებელი მოითხოვს ერთდროულად გადაღებას, მოსამართლე ერთ მათგანს შეარჩევს წილისყრის საფუძველზე, რომელსაც ასევე ექნება ვალდებულება მიაწოდოს მასალა სხვა პირებს, მოთხოვნის შემთხვევაში.

 

სასამართლოს თანხმობით, სხდომის ფოტო-კინო-ვიდეოჩაწერის უფლება აქვთ მასმედიის სხვა საშუალებებს, მხარეებს და მესამე პირებს, მხოლოდ დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც შეიძლება შეიზღუდოს მოსამართლის მოტივირებული განჩინებით. ამ უფლებით სარგებლობისთვის ასევე აუცილებელია, დაინტერესებულმა პირებმა ერთი საათით ადრე მოითხოვონ მოსამართლისგან წერილობით მისი უზრუნველყოფა.

 

ყველა შემთხვევაში, სხდომის დარბაზში ფოტო-ვიდეო-კინოგადაღება ხორციელდება სასამართლოს მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან. სხვა ადგილიდან აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება აკრძალულია. ამასთან, თუკი სასამართლო სხდომაში მონაწილეობენ ნაფიცი მსაჯულები, მათი იდენტიფიცირება გადაღებული მასალის საფუძველზე არ უნდა მოხდეს.

 

კანონის მიხედვით, დასაშვები ხდება სასამართლოს ეზოში და შენობის დერეფანში ფოტო-ვიდეო-აუდიოჩაწერა, რაც აქამდე აკრძალული იყო. ამ კუთხით შეზღუდვა წესდება მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუკი ამას უსაფრთხოების ინტერესები მოითხოვს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განმარტებით, ფოტო-ვიდეოგადაღების შეზღუდვა მოხდება მოსამართლეების და ადმინისტრაციის სამუშაო კაბინეტებში, ხოლო დარბაზებსა და დერეფნებში ამ უფლებამოსილების განხორციელება ჟურნალისტებისთვის დასაშვები იქნება, მათ შორის შესაძლებელი იქნება ინტერვიუების ჩაწერა დერეფნებში, როგორც მხარეებთან, ისე მოსამართლესთან.

 

კანონის შესაბამისად, სასამართლოს შენობაში შესვლის დროს არ მოხდება პირისთვის პირადი ნივთების, მათ შორის, მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ფოტო-ვიდეო-აუდიოჩამწერი საშუალების ჩამორთმევა. ამ ნივთების შეტანა შესაძლებელი იქნება სასამართლოს დარბაზშიც, სადაც პროცესი გაიმართება. კოტე კუბლაშვილის განმარტებით, აუდიოჩაწერის შესაძლებლობა ნებისმიერ პირს ნებისმიერი ადგილიდან მიეცემა; ასევე უპრობლემოდ იქნება შესაძლებელი ადგილიდან კომპიუტერის და ტელეფონის გამოყენება ტექსტური შეტყობინებების გადასაცემად. შეზღუდვა ვრცელდება ფოტო-ვიდეომასალის გადაღებაზე, რაც მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული ადგილიდან უნდა განხორციელდეს. ასევე დაუშვებელია სასამართლო სხდომის დარბაზში მოძრაობა, ხმაური, შუქის ან სხვა ისეთი ემისიების გამოყოფა, რაც ხელს უშლის მართლმსაჯულების განხორციელების ნორმალურ პროცესს. ამ წესის დარღვევისთვის მოსამართლეს შეუძლია მიიღოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ზომები.

 

სასამართლო სხდომების მასმედიით გაშუქების ახალ წესებზე, რომელიც უახლოეს ორ კვირაში უნდა ამოქმედდეს, დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ შეხვედრა გამართა მედიასაშუალებების ხელმძღვანელებთან, სადაც გაკეთდა განმარტებები კანონის სხვადასხვა მუხლის თაობაზე, რომლითაც უნდა იმოქმედონ მედიასაშუალებებმა პროცესების გაშუქების დროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი