დღეს, 3 ივნისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი შეხვდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ცოლს, ლეილა მუსტაფაევას და მის ადვოკატს.
შალვა ხუციშვილმა ლეილა მუსტაფაევას და მის შვილებს უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები შესთავაზა.
მანამდე მუსტაფაევა კიდევ ერთხელ გამოიკითხა აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმეზე.
აფგან მუხთარლი 29 მაისს გაუჩინარდა თბილისიდან და 30 მაისს აღმოჩნდა ბაქოში დაკავებული.
მუხთარლიმ პირადად უამბო ადვოკატს, რომ ის თბილისში, ჭონქაძის ქუჩიდან გაიტაცეს, როდესაც კაფედან შინ ბრუნდებოდა. ადვოკატისთვის მიწოდებული ინფორმაციით, გამტაცებლები ოპელის მარკის ავტომანქანით იყვნენ, ეცვათ საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმები და საუბრობდნენ ქართულად. შემდეგ ის უკვე გადაეცა აზერბაიჯანის სპეცსამსახურებს და დააპატიმრეს სამი ბრალდებით, მათ შორისაა, საზღვრის უკანონო კვეთა, კონტრაბანდის გადატანა (აზერბაიჯანის პროკურატურის ცნობით, მუხთარლის გადაჰქონდა 10 ათასი ევრო ნაღდი ფული) და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
თბილისის ცენტრიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების ფაქტს აპროტესტებენ ჟურნალისტები საქართველოში. მათ პროტესტს უერთდება არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. ოპოზიცია ითხოვს ძალოვანი მინისტრებისა და მთავრობის პასუხისმგებლობას მომხდართან დაკავშირებით. კრიტიკული შეფასებით გამოვიდა პრეზიდენტი, რომელმაც საჯაროდ იკითხა, თუ როგორ ხდება, რომ A პუნქტში ქრება ადამიანი B პუნქტში ჩნდება.