ახალი ამბები

აშშ: ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს გამოძიებას მუხთარლის საქმეზე

3 ივნისი, 2017 • 1945
აშშ: ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს გამოძიებას მუხთარლის საქმეზე

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარებისა და ბაქოში დაპატიმრების საქმეზე.

“აშშ შეშფოთებულია 30 მაისს თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების გამო, ასევე შეწუხებული ვართ 25 მაისს აზერბაიანის სახალხო ფრონტის თავმჯდომარის მოადგილის გოზალ ბაირამლის დაპატიმრების გამო,” – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიმართავს აზერბაიჯანის მთავრობას, რომ გაათავისუფლონ აღნიშნული პირები პატიმრობიდან.

“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს გამოძიებას გატაცების საქმეზე და მოვუწოდებთ, რომ ეს გამოძიება იყოს სრულყოფილი, გამჭვირვალე და დროული,” – ნათქვამია განცახდებაში.

აფგან მუხთარლი 29 მაისს გაუჩინარდა თბილისიდან და 30 მაისს აღმოჩნდა ბაქოში დაკავებული.

მუხთარლიმ პირადად უამბო ადვოკატს, რომ ის თბილისში, ჭონქაძის ქუჩიდან გაიტაცეს, როდესაც კაფედან შინ ბრუნდებოდა. ადვოკატისთვის მიწოდებული ინფორმაციით, გამტაცებლები ოპელის მარკის ავტომანქანით იყვნენ, ეცვათ საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმები და საუბრობდნენ ქართულად. შემდეგ ის უკვე გადაეცა აზერბაიჯანის სპეცსამსახურებს და დააპატიმრეს სამი ბრალდებით, მათ შორისაა, საზღვრის უკანონო კვეთა, კონტრაბანდის გადატანა (აზერბაიჯანის პროკურატურის ცნობით, მუხთარლის გადაჰქონდა 10 ათასი ევრო ნაღდი ფული) და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

თბილისის ცენტრიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების ფაქტს აპროტესტებენ ჟურნალისტები საქართველოში. მათ პროტესტს უერთდება არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. ოპოზიცია ითხოვს ძალოვანი მინისტრებისა და მთავრობის პასუხისმგებლობას მომხდართან დაკავშირებით. კრიტიკული შეფასებით გამოვიდა პრეზიდენტი, რომელმაც საჯაროდ იკითხა, თუ როგორ ხდება, რომ A პუნქტში ქრება ადამიანი B პუნქტში ჩნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი