საქართველოს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი აცხადებს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის საქმეზე 100–მდე საგამოძიებო მოქმედებაა შესრულებული, საუბარია რამდენიმე ათეული მოწმის გამოკითხვაზე, სატელეფონო ჩანაწერებზე, კამერების დათვალიერებაზე და ა.შ.
“საუბარია ძალიან დელიკატურ საქმეზე. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, საჭიროებს ძალიან კომპლექსურ შეფასებას. აქ ჩვენ გვიჭირავს ძალიან მაღალი სტანდარტი”, – განაცხადა ხუციშვილმა ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
შს მინისტრის თქმით, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება.
“ადვოკატი და ოჯახის წევრები აცხადებენ, დაზიანებები ჰქონდაო, თუმცა, აზერბაიჯანის ოფიციალური ინფორმაციით, დაზიანებები საერთოდ არ ჰქონია. არის ბევრი წინააღმდეგობრივი ინფორმაცია. მისი ყველა შესაძლო მარშრუტი მოწმდება. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი შეფასებები დამყარებული იყოს მტკიცებულებათა ერთობლიობაზე”, – აცხადებს შალვა ხუციშვილი.
შს მინისტრის მოადგილის თქმით, გამოძიების მიზანია დადგინდეს, როგორ აღმოჩნდა აფგან მუხთარლი თბილისიდან ბაქოში.
იგი ასევე გამოეხმაურა მუხთარლის ადვოკატის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მუხთარლის თქმით, თბილისიდან საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს, რომლებიც საუბრობდნენ ქართულად.
“როგორ წარმოგიდგენიათ, პოლიცია თავისი ფორმით იტაცებს ცნობილ ჟურნალისტს? ამას ბავშვიც არ დაიჯერებს”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
აფგან მუხთარლი 29 მაისს გაუჩინარდა თბილისიდან და 30 მაისს აღმოჩნდა ბაქოში დაკავებული.
მუხთარლიმ პირადად უამბო ადვოკატს, რომ ის თბილისში, ჭონქაძის ქუჩიდან გაიტაცეს, როდესაც კაფედან შინ ბრუნდებოდა. ადვოკატისთვის მიწოდებული ინფორმაციით, გამტაცებლები ოპელის მარკის ავტომანქანით იყვნენ, ეცვათ საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმები და საუბრობდნენ ქართულად. შემდეგ ის უკვე გადაეცა აზერბაიჯანის სპეცსამსახურებს და დააპატიმრეს სამი ბრალდებით, მათ შორისაა, საზღვრის უკანონო კვეთა, კონტრაბანდის გადატანა (აზერბაიჯანის პროკურატურის ცნობით, მუხთარლის გადაჰქონდა 10 ათასი ევრო ნაღდი ფული) და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
თბილისის ცენტრიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების ფაქტს აპროტესტებენ ჟურნალისტები საქართველოში. მათ პროტესტს უერთდება არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. ოპოზიცია ითხოვს ძალოვანი მინისტრებისა და მთავრობის პასუხისმგებლობას მომხდართან დაკავშირებით. კრიტიკული შეფასებით გამოვიდა პრეზიდენტი, რომელმაც საჯაროდ იკითხა, თუ როგორ ხდება, რომ A პუნქტში ქრება ადამიანი B პუნქტში ჩნდება.