ახალი ამბები

ჯეჯელავა: სოფლის სკოლებში პედაგოგების პრობლემაა საბუნებისმეტყველო მიმართულებით

3 ივნისი, 2017 •
ჯეჯელავა: სოფლის სკოლებში პედაგოგების პრობლემაა საბუნებისმეტყველო მიმართულებით

დღეს თბილისში გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა – “სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები”. კონფერენცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა.

კონფერენციის მიზანია საზოგადოებისა და განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელთა ინფორმირება მათემატიკსა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლა/სწავლებაში არსებული იმ ვითარების შესახებ, რომელიც სასკოლო განათლების ჩვენს სისტემაში არსებობს, ასევე, ფართო დიალოგის ინიცირება განათლების ხარისხის მაღლებისა და სწავლის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად.

ჯეჯელავას თქმით, პრობლემატურ საკითხებს შორის გამოყოფდა იმ ფაქტს, რომ კვლევებმა სოფლისა და ქალაქის სკოლებს შორის მოსწავლეების შედეგიანობაში ძალიან დიდი განსხვავება აჩვენა.

“ეს ნათლად გვიჩვენებს, რომ ის სტრატეგია, რაც არსებობს, რომ სოფლის სკოლები, პირველ რიგში, იყვნენ მხარდაჭერილნი და განვითარებულნი, მათ შორის, ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ სოფლის სკოლებში პედაგოგების პრობლემაა სწორედ საბუნებისმეტყველო მიმართულებით. ხარისხიანი პედაგოგების გარეშე შეუძლებელია ხარისხიანი სწავლება. რა თქმა უნდა, არის ინფრასტრუქტურის საკითხები და სხვა,“ – განაცხადა ჯეჯელავამ.

კონფერენციაზე წარმოადგინეს სახელმწიფო და საერთაშორისო ეფსებების შედეგები მაემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში.

“ეს კვლევები ქართველი მოსწავლეების მიღწევების შეფასების, მათი ამგვარი შედეგების გამომწვევ მიზეზების შესახებ მსჯელობისა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას გვაძლევს”, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ორდღიანი კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ განათლების სისტემისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები, მთავრობისა და პარლამენტის წევრები.

მასალების გადაბეჭდვის წესი