თბილისში ჰეიდარ ალიევის ძეგლის წითლად შეღებვის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებს. ძეგლი გუშინ, გვიან ღამით შეღებეს უცნობმა პირებმა.
სსკ 187–ე მუხლი მოიცავს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
შსს–ს ცნობით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, გამოკითხულია რამდენი პირი, თუმცა ჯერ არავინ დაუკავებიათ.
29 მაის, თბილისის ცენტრიდან გაუჩინარდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც 30 მაისს აღმოჩნდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე პატიმრობაში. მუხთარლი აცხადებს, რომ ის საქართველოდან გაიტაცეს და ისე დააპატიმრეს აზერბაიჯანში. ამ ფაქტის გამო რამდენიმე დღეა საქართველოში საპროტესტო აქციებს მართავენ ჟურნალისტები. პროტესტს უერთდებიან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. პროტესტანტები მოითხოვენ, რომ საქართველოს მთავრობამ გასცეს კითხვას პასუხი – თუ როგორ გადაკვეთა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა საქართველოს საზღვარი პასპორტის გარეშე, როგორ აღმოჩნდა ის აზერბაიჯანში, სადაც იდევნებოდა და ამის გამო საქართველოს აფარებდა თავს.