ახალი ამბები

“ჰერკულესმა” პროფკავშირებთან სასამართლო დავა წააგო

1 მარტი, 2013 •
“ჰერკულესმა” პროფკავშირებთან სასამართლო დავა წააგო

ინფორმაციას სასამართლო პროცესის მოგების შესახებ პროფკავშირების იმერეთის ოფისის წარმომადგენელი ირაკლი იობიძე ავრცეელებს:

“თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საწარმოს ქარხნიდან გათავისუფლებული სამი მუშის მიმართ გამოცემული გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და ერთი წლის ხელფასის ანაზღაურება დაევალა.”

ქარხნის დირექტორის მოადგილის ვასო ჩხენკელის თქმით ისინი ამ ეტაპზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ შეასრულებენ.უმის მიზეზად ჩხენკელი საწარმოს მუშაობის შეჩერებას ასახელებს:

“სხვა თანამშრომლების მსგავსად, უმუშევარი ვარ. ამ ეტაპზე ყველა თანამშრომელი სახლშია, რადგან პროდუქციის რეალიზაცია არ ხდება. უკიდურესად გაჭირვებულ და ძალიან ცუდ დღეში ვართ. ქარხანაში 500 კაცია დასაქმებული, დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარს ღებულობდნენ ქუთაისელები ამ ქარხნიდან შემოსავლის სახით და ამას ხელის შეწყობა სჭირდება .”

 

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მდებარე მეტალურგიული ქარხანა “ჰერკულესის” მუშებმა ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაფიცვის აქცია 2011 წლის 13 სექტემბერს დაიწყეს, გაფიცვის პარალელურად შიმშილობდა 4 ადამიანი. ისინი ქარხნის ადმინისტრაციისგან სამსახურიდან დათხოვილი ადამიანების სამუშაოზე აღდგენასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. ქარხნის ადმინისტრაცია კი მათ მოთხოვნებს უსაფუძვლოს უწოდებდა.

15 სექტემბერს, დაახლოებით 22 საათზე, პოლიციამ გაფიცული და მოშიმშილე მეტალურგების აქცია ქარხნის წინ დაშალა, 40-მდე მეტალურგი კი პოლიციის განყოფილებებში რამდენიმე საათით ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა იმ დროს ოფიციალურად არავინ დაუპატიმრებიათ. მათ დააწერინეს ხელწერილები, რომ გაფიცვებსა და აქციებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ და არ შეაფერხებდნენ მეტალურგიული ქარხნის მუშაობას.

”ჰერკულესის” საქართველოს მოქალაქე თანამშრომლები ქარხნის ადმინისტრაციისგან ზეწოლაზე, გაუსაძლის სამუშაო პირობებსა და ხელფასების დროულად გაუცემლობაზე საუბრობდნენ. სექტემბრის აქციებში მონაწილეობა არ მიუღიათ ინდოეთის მოქალაქე მუშებს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი