საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი თბილისიდან აზერბაიჯანში გატაცებული ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის შესახებ კომენტარს აკეთებს:
“ეს ადამიანი დაახლოებით ორი წელი ცხოვრობს საქართველოში, მოღვაწეობს საქართველოში და ამ დროის განმავლობაში მას არც ერთხელ არ მოუმართავს არც საქართველოს მთავრობისთვის. ამ შემთხვევაში ჩვენი სამინისტრო არის უშუალოდ პასუხისმგებელი თემაზე, რომ “მას დევნიან და ამის გამო ის ითხოვს გარკვეულ სტატუსს”, მაგალითად, ლტოლვილის სტატუსს და თავშესაფარს. მას არ მიუმართავს არც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისთვის და არ უთქვამს, რომ მას დევნიან, ან შეეძლო მიემართა რომელიმე საელჩოსთვის. აქედან, აპრიორი იმის თქმა, რომ ეს ადამიანი იდევნებოდა, ცოტა გამიჭირდება. არ გამოვრციხავ, რომ ეს ასე იყო, მაგრამ გამიჭირდება”, – აცხადებს მინისტრი ტელეკომპანია “პირველთან”.
მინისტრის აღნიშნული განცხადების მიუხედავად, რომ აფგან მუხთარლი მიმართვის შემთხვევაში მიიღებდა გარკვეულ სტატუსს, არსებობს კონკრეტული ბოლოდროინდელი ფაქტები, როდესაც აზერბაიჯანელ ოპოზიციონერებს სამინისტრომ უარი უთხრა თავშესაფრის მიღებაზე. მაგალითად, 2017 წლის 21 მარტს სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საჩივარი დააკმაყოფილა, რითაც აზერბაიჯანელ ოპოზიციონერს, დაშგინ აღალარლის უარი ეთქვა საქართველოში თავშესაფრის მიღებაზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სააპელაციო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც საქალაქო სასამართლომ აღალარლების სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება და სამინისტროს მათთვის თავშესაფრის მინიჭება დააკისრა.
რაც შეეხება აფგან მუხთარლის საქმეს, ის ბინადრობის მოწმობის დოკუმენტის ვადის გაგრძელებას ითხოვდა, რომელზეც საქართველოს მთავრობამ “სახელმწიფოს უსაფრთხოების” უზრუნველყოფის მიზეზით უარი უთხრა.
აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, 19:00 საათზე თბილისში, საკუთარმა მეგობრებმა ნახეს. მან დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში, ამის შემდეგ ის თბილისში აღარავის უნახავს. აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.
აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.