ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სუბარი აცხადებს, რომ თბილისის ცენტრში ადამიანის გატაცებას მოწმეები უნდა ჰყოლოდა

2 ივნისი, 2017 •
სუბარი აცხადებს, რომ თბილისის ცენტრში ადამიანის გატაცებას მოწმეები უნდა ჰყოლოდა

“თბილისის ცენტრში, როდესაც ადამიანს ნიღბიანები ტენიან საბარგულში, მიჰყავთ საზღვარზე, გადადის ჯერ ჩვენს საზღვარს, მერე მეზობელი ქვეყნის საზღვარს, შეუძლებელია ეს არ დაინახოს რამდენიმე ასეულმა ადამიანმა თუ არა, ათეულმა მაინც, და არ გვყავდეს მოწმეები. თუ ადამიანი ჯდება [მანქანაში] და მიდის საზღვართან, ეს შეიძლება ვერავინ დაინახოს”, – აცხადებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ტელეკომპანია “პირველთან” საუბარში.

აქვე ამატებს, რომ აღნიშნული მოსაზრების მიუხედავად, ამა თუ იმ ვერსიაზე გამოძიების დასრულებამდე ვერ ისაუბრებს.

როგორ მოხდა თბილისის ცენტრიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის აზერბაიჯანში გატაცება, რამდენიმე დღეა ჟურნალისტის ოჯახის წევრები, ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორი წარმომადგენლები საქართველოს საგამოძიებო ორგანოებისგან პასუხს ითხოვენ. ასევე,  სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებას ითხოვს მუხთარლის ადვოკატი და მისი ცოლი, ლეილა მუსტაფაევა.

 


აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, 19:00 საათზე თბილისში, საკუთარმა მეგობრებმა ნახეს. მან დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში, ამის შემდეგ ის თბილისში აღარავის უნახავს. აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი