ახალი ამბები

მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აფხაზეთში აქცია გაიმართა

1 მარტი, 2013 • 1058
მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აფხაზეთში აქცია გაიმართა

აფხაზეთი, აქცია
აფხაზეთი, აქცია

 

ინფორმაცია აფხაზეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ მედიასა და სოციალურ ქსელებში ვრცელდება. 

 

როგორც გამოცემა “კავკაზკი უზელ” წერს, გუშინ, 28 თებერვალს გამართულ აქციაზე სოხუმში 2013 წლის 1 იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფის 30-დან 60 კაპიკამდე გაზრდა გააპროტესტეს. ასევე, აქციის მონაწილეებმა მთავრობის გადადგომა მოითხოვეს იმის გამო, რომ მან მოსახლეობის მოლოდინი არ გაამართლა.

 

აქციაზე მთავრობის პოლიტიკის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი რამდენიმე პარტია და ვეტერანთა ორგანიზაციის წარმომადგენლები მივიდნენ. 

 

მომიტინგეებთან აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბიც მივიდა, რომელმაც, როგორც გამოცემა წერს, აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

 

ანქვაბის განცხადებით, “აფხაზეთში რთული მდგომარეობაა, ბევრი პრობლემა არსებობს, თუმცა მათი მოგვარება მცირე ვადებში წარმოუდგენელია.”

 

უკანსკნელ პერიოდში საპროტესტო აქცია აფხაზეთში პირველად არ გამართულა. 21 თებერვალს სოხუმში გამართულ აქციაზე, სადაც 100 ადამიანი შეიკრიბა, მოსახლეობამ ფასების აწევა და სახელმწიფო სტრუქტურების არაგამჭვრივალე პოლიტიკა გააპროტესტა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი