ახალი ამბები

კახა კუკავა: უნდა გამოცხადდეს მოქალაქეების ბინებიდან გამოსახლებაზე მორატორიუმი

28 თებერვალი, 2013 • • 1258
კახა კუკავა: უნდა გამოცხადდეს მოქალაქეების ბინებიდან გამოსახლებაზე მორატორიუმი

კახა კუკავა
კახა კუკავა

კუკავას ინფორმაციით, მთავრობაში ამ საკითხზე მომუშავე კომისია ამ დრომდე არ არის შექმნილი, რადგან ინფორმაცია მისი საქმინობის შესახებ მთავრობის არც ერთ წევრს არ აქვს. კუკავას განცხადებით, თუ მსგავსი კომისია შეიქმნება, მისი ერთ-ერთი წევრი პარტია “თავისუფალი საქართველოს” წარმომადგენელი უნდა იყოს. კახა კუკავამ ამის შესახებ ტელეკომპანია “მე–9 არხის” გადაცემა “მთავარ კითხვაში” განაცხადა. 

“ამ საკითხის სრულად გადაწყვეტა შეუძლებელია, რადგან მევახშისთვის და ბანკისთვის არავის არ უთქვამს, რომ მოვალეს ვალი ეპატიება. არსებობს ევროპული პრაქტიკა, ევროპას ჩვენზე ნაკლები საბანკო სექტორი არ აქვს, მაგრამ არსებობს ეგრეთ წოდებული მარეგულირებელი ნორმები. ყველა ქვეყანაში რეგულირდება საბანკო პროცენტი, ფორმალურად ეს ჩვენთანაც ასეა. მაგრამ საქართველოში გვაქვს არანორმალურად მაღალი შეწონილი წლიური 36 პროცენტი. ხოლო სამევახშეო კაპიტალში 150 პროცენტს აღწევს. მე მინახავს მსგავსი ხელშეკრულებები. ეს, რა თქმა უნდა, არის კრიმინალი. ეს კანონით უნდა მოწესრიგდეს.”

კახა კუკავას განცხადებით, აღსრულების დროს ბინები უნდა გაიყიდოს რეალურ ფასში ან მის რეალურ ფასთან ახლოს: “ჩვენთან რეალურად ჩამოყალიბდა სავახშო მძარცველური კაპიტალი. ჩამოყალიბდა სინდიკატი, რომელიც გასცემს სესხებს ქონების უზრუნველყოფით და მოქალაქეებს უწესებს ყოველთვე გადასახდელად 7–12 პროცენტს სესხებზე. მათი ამოცანა ის კი არ არის, თანხა დაიბრუნონ უკან, არამედ ბინები ჩაიგდონ ხელში, საბაზრო ღირებულების 10–20 პროცენტის ოდენობით.”

კუკავას განცხადებით, შევარდნაძის დროს ადამიანი რომ ბინიდან გამოგესახლებინა, საჭირო იყო სასამართლოს სამი ინსტანციის გავლა: “სააკაშვილმა კანონი შეცვალა და დღეს ეს საჭირო არ არის. დღეს შესაძლებალია აღსრულება მიიყვანოთ, ადამიანი გამოასახლოთ და ერთ ლარად იყიდოთ ბინა აუქციონზე. ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ ტიპის საქმეებზე დაბრუნდეს სასამართლო კონტროლი, დადგინდეს საბაზრო ღირებულების რა პორცენტში უნდა იქნეს გაყიდული ბინა. დღეს ასეთი დამოკიდებულებაა – გაიყიდოს, რა ფასშიც გაიყიდება. “

კუკავას მიაჩნია, რომ ამ პრობლემის თავიდან აცილების მიზნით იპოთეკური სესხები დაბალ პროცენტში უნდა გაიცეს: “თუ პრემიერი ჩაერევა ამ საქმეში, პრობლემა გადაიჭრება.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი