საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, დავით ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ ნებისმიერი, ყველაზე განვითარებული ქვეყნის საზღვარზეც კი არსებობს თეორიული რისკი, რომ ადამიანმა უკანონოდ გადაკვეთოს ე.წ. მწვანე საზღვარი.
“რა თქმა უნდა, ნებისმიერ, ყველაზე განვითარებული ქვეყნის საზღვარზეც კი არსებობს თეორიული რისკი, რომ ადამიანმა შეიძლება უკანონოდ გადაკვეთოს ე.წ. მწვანე საზღვარი. ე.წ. მწვანე საზღვარი ჰქვია გამშვები პუნქტის გამტარი პუნქტის გვერდის ავლით საზღვრის გადაკვეთას. გამტარი პუქნტი, რა თქმა უნდა, არ უნდა გაიაროს ამ შემთხვევაში. ჩვენი მესაზღვრეები პატრულირებენ სწორედ იმ ტერიტორიაზე, რომელიც არის ე.წ. მწვანე ზოლში. ეს ტერიტორიები არის სხვადასხვა რელიეფის,” – განუცხადა რუსთავი 2–ს ნიკოლეიშვილმა.
აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, 19:00 საათზე თბილისში, საკუთარმა მეგობრებმა ნახეს. მან დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში, ამის შემდეგ ის თბილისში აღარავის უნახავს. აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.
აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ორგანიზებულ აქციებზე აფგან მუხთარლის ცოლს, ლეილა მუსტაფაევას თან ჰქონდა თავისი ქმრის პასპორტი. იგი სვამდა კითხვას, რატომ ეცდებოდა მისი მუხთარლი სხვა ქვეყნის საზღვრის გადაკვეთას ისე, რომ თან არ ექნებოდა საკუთარი პასპორტი.