ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი: ალიევი დანაშაულს უკვე მეზობელ სახელმწიფოში ახორციელებს

1 ივნისი, 2017 • 2740
აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი: ალიევი დანაშაულს უკვე მეზობელ სახელმწიფოში ახორციელებს

“ყველასთვის ცნობილია, რომ ალიევის დანაშაულებრივი ქმედებები აზერბაიჯანში დაუსჯელი რჩება. ახლა ის უკვე მეზობელ სახელმწიფოსაც გადმოსწვდა და აქ ჩადის დანაშაულს. ამ დროს ქართული სახელმწიფო თურმე საქმის კურსში არ ყოფილა”, – ამბობს ვიდადი ისკანდერლი, ერთადერთი აზერბაიჯანელი, რომელმაც წლების წინ საქართველოში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

“თუ ქართულმა სახელმწიფომ არ იცის იმის შესახებ, რა მოხდა საქართველოში, ესეც დანაშაულია, რომ არ შეუძლიათ თავიანთი საზღვრების დაცვა, არ შეუძლიათ აქ ჩამოსული ნებისმიერი ადამიანის დაცვაც. ეს არის საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტისთვისაც”.

აზერბაიჯანელი ოპიზიციონერი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან ერთობლივად ახორციელებს დანაშაულს, – “საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრიც იმას ამბობს, რასაც აზერბაიჯანის ხელისუფლება”.

ისკანდერლი მიიჩნევს, რომ საქართველოში გამართული საპროტესტო აქციები, რომლებიც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცებას მოჰყვა, ერთი მხრივ, ალიევის რეჟიმს კიდევ ერთხელ აყენებს ჩრდილს და, მეორე მხრივ, აჩვენებს, რომ საქართველო რეალურად დემოკრატიული ფასეულობებისთვის იბრძვის.

“ამ აქციებს საქართველოში მთელ მსოფლიოში ადევნებენ თვალს, ამის შესახებ სოლიდური საერთაშორისო გამოცემები წერენ. ეს არის ქართველი ჟურნალისტების მონაპოვარი, მათი წარმატება. რაც არ უნდა იყოს, ეს იმას ნიშნავს, რომ დემოკრატიის გზაზეა საქართველო. ეს აქციები ალიევის რეჟიმისთვისაც დარტყმაა”, – ამბობს ისკანდერლი.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქციები თბილისში მეორეა დღეა მიმდინარეობს.


 

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს.  როგორც მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა და მისი მეგობარი დაშგინ აღალარლი აცხდებენ, ბოლო პერიოდში აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელები უთვალთვალებდნენ.

როგორც ადვოკატი ელჩინ სადიგოვი აცხადებს, მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

აზერბაიჯანის პროკურატურამ მუხთარლის ბრალდება კონტრაბანდის [206 მუხლი], სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა [318 მუხლი] და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის [315.2 მუხლი] წარუდგინა. აზერბაიჯანის სასამართლომ კი სამი თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი