ახალი ამბები

რესპუბლიკელები გომელაურის, მღებრიშვილისა და ჯეჯელავას გადადგომას მოითხოვენ

1 ივნისი, 2017 • 3729
რესპუბლიკელები გომელაურის, მღებრიშვილისა და ჯეჯელავას გადადგომას მოითხოვენ

აფგან მუხთარლის საქართველოდან აზერბაიჯანში გატაცებისა და მმართველი გუნდის წევრთა  გუშინდელი განცხადებების გამო, რესპუბლიკური პარტია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და განათლების მინისტრის გადადგომას მოითხოვს.

რესბუპლიკელების ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებით და ხელისუფლების ქმედებებით, რომელ ვერსიაზეც არ უნდა ვილაპარაკოთ, პირველ რიგში, შეილახა საქართველოს იმიჯი:

“გარდა ამისა, რაც არ უნდა გავაკეთოთ ახლა, ადამიანი გავწირეთ იმისთვის, რომ არაადამიანურად მოექცნენ. ამას ხომ არაფერი ეშველება ახლა? ამ ქვეყანაში უნდა დადგეს ის დღე, როდესაც თანამდებობის პირები იგრძნობენ პასუხისმგებლობას და ასეთი მოწოდებების, რევოლუციების გარეშე ადგებიან და გადადგებიან საკუთარი პოზიციებიდან. საშინელება დაუშვეს, საშინელება მოხდა და ამ ყველაფრის შემდეგ ერთადერთი ხელისუფლებაა, ვისგანაც გვესმის არაადეკვატური და სამარცხვინო განცხადებები. სრულიად სამარცხვინო განცხადებები მოვისმინე გუშინ.”

როგორც სამნიძე ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, სამარცხვინოა ეს ყველაფერი და საქართველოში უნდა დადგეს ის დღე, როდესაც ასეთი შეცდომების გამო მაღალი თანამდებობის პირები ტოვებენ დაკავებულ პოსტებს.

“რა თქმა უნდა, სუს–ის უფროსი [ვახტანგ გომელაური] უნდა გადადგეს – რამდენი ვერსიაც მოვისმინე, თუმცა, ყველა შემთხვევაში, უსაფრთხოების სამსახურს არ უმუშავია და მისი ხელმძღვანელი უნდა გადადგეს. ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრი [გიორგი მღებრიშვილი] – ჩვენთან საზღვრები საერთოდ არ ყოფილა დაცული. ასევე უნდა გადადგეს განათლების მინისტრი [ალექსანდრე ჯეჯელავა], რომლისგანაც სამარცხვინო განცხადება მოვისმინეთ… რა მნიშვნელობა აქვს, რა პროფესიას წარმოადგენს ეს ადამიანი? როგორ შეიძლება ასე უპასუხისმგებლოდ თქვა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რას უზამს მას სახელმწიფო,” – ამბობს სამნიძე.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერები, თამარ კორძაია და ხათუნა სამნიძე. 01.06.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

რესპუბლიკური პარტიის ლიდერები, თამარ კორძაია და ხათუნა სამნიძე. 01.06.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს.

აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი ელჩინ სადიგოვი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით კი, “აფგან მუხთარლი 29 მაისს, 22:40 წუთზე, აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც მან უკანონოდ გადაკვეთა აზერბაიჯანის ტერიტორია. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამი თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ჰადიჯა ისმაილი ავრცელებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, იმის ალბათობა, რომ საქართველოს საზღვრის რომელიმე წერტილი ადამიანმა მესაზღვრის ნებართვის გარეშე გადაკვეთოს დაბალია, მაგრამ არსებობს. ამის შესახებ მინისტრმა დღეს, 1 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

31 მაისს საქართველოს ვიცეპრემიერმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ თბილისში “გაუჩინარებული” და შემდეგ ბაქოში პატიმრობაში აღმოჩენილი აფგან მუხთარლი, შესაძლოა, ჟურნალისტი არც არის და არსებობს ინფორმაცია, რომ “რადიო თავისუფლების” დაცვის სამსახურის თანამშრომელია, თუმცა დღეს განათლების მინისტრმა უკვე კარგად გადაამოწმა ინფორმაცია და დაადგინა, რომ აფგან მუხთარლი ნამდვილად ჟურნალისტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი